საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამუშაო ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკაში იმყოფება. დიმიტრი შაშკინი უკვე შეხვდა ესტონეთის რესპუბლიკის განათლებისა და კვლევების მინისტრს ტონის ლუკასს. შეხვდრისას ისაუბრეს საქართველოსა და ესტონეთს შორის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საინჟინრო სფეროში გამოცდილებების გაცვლასა და თანამშრომლობის დაწყებაზე. ესტონეთი წარმატებებით სარგებლობს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში და მათი გამოცდილების გაზიარება საქართველოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. საუბარი ასევე შეეხო ორივე ქვეყნის მიერ გატარებულ რეფორმებს. ტარტუს უნივერსტიტეტთან თანამშრომლობაზე. ესტონეთის რესპუბლიკა საქართველოს დაეხმარება ევროკავშირის პროგრამის ,,ლეონარდო და ვინჩის’’ განხორციელებაში.
,,ლეონარდო და ვინჩის” პროგრამა არის ევროპული კომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელიც მიმართულია პროფესიულ სწავლებასა და გადამზადებაში ჩართული ხალხის სწავლებისა და ტრენინგის საჭიროებებზე. პროგრამა ევროპული კომისიის ,,მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის 2007-2013 წლების” პროგრამის ნაწილია და მისი მიზანია ევროპის მასშტაბით კვალიფიციური კადრების მომზადება.
,,ლეონარდო და ვინჩი” საშუალებას აძლევს პროფესიულ განათლებაში მომუშავე ორგანიზაციებს, იმუშავონ პარტნიორებთან ევროპის მასშტაბით, გაუზიარონ საუკეთესო პრაქტიკა და მისცენ თანამშრომლებს უფრო მეტი გამოცდილება. ეს შესაძლებლობა პროფესიულ განათლებას უფრო მიმზიდველს გახდის ახალგაზრდებისთვის და ახალი უნარების, ცოდნისა და კვალიფიკაციის დაუფლებით, პროგრამა აამაღლებს ევროპის შრომითი ბაზრის კონკურენტუნარიანობას.
ამ პროგრამით შეუძლია ისარგებლონ როგორც პროფესიული გადამზადების პედაგოგებმა, აგრეთვე, ადამიანებმა, ვინც უკვე გაიარეს ტრენინგი და პროფესიული სწავლებისა და გადამზადების პროფესიონალებმა და ამ სფეროში აქტიური ორგანიზაციების ყველა წევრმა.