ესტონეთის რესპუბლიკაში ოფიცაილური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ტარტუს უნივერსიტეტში ესტონელ სტუდენტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა აუდიტორიას წაუკითხა ლექცია თემაზე ,,დემოკრატიის მეორე ტალღა საქართველოში’’, გააცნო საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები. მინისტრმა, ასევე, ისაუბრა პროექტის ,,ასწვალე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოში ინგლისურენოვანი პედაგოგების ჩამოყვანას გულისხმობს.
ლექციის შემდეგ გაიმართა შეხვედრა ტარტუს უნივერსიტეტის რექტორ ალარ კარისთან. შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობასა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამის გაძლიერებაზე. ამჟამად ტარტუს უნივერსიტეტში ათი ქართველი სტუდენტი სწავლობს.
საქართველოსთვის, ასევე მნიშვნელოვანია, ესტონეთის გამოცდილების გაზიარება საბუნებისმეტყველო დისციპლინების გაძლიერების მხრივ. ამ მიზნით, დიმიტრი შაშკინი კივილინას საბუნებისმეტყველო გიმნაზიას ესტუმრა და კიბერნეტიკის კაბინეტში უახლეს მიღწევებსა და სწავლების მეთოდებს გაეცნო.