წეროვანის საჯარო სკოლის დევნილ მოსწავლეებს დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თენგიზ გოგოტიშვილმა ნატოს მნიშვნელობაზე ლექცია წაუკითხეს.
თენგიზ გოგოტიშვილმა მოსწავლეებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ისტორია, მნიშვნელობა, მიზნები და მისწრაფებები გააცნო.
,,ნატოში ინტეგრაცია საქართველოს სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტთგანია. აუცილებელია ახალგაზრდებს, მოსწავლეებს მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია ალიანსის შესახებ. როდესაც ნატოზე ინფორმაციას ომგამოვლილ ბავშვებს ვუზიარებ, შეხვედრა ორმაგ დატვირთვას იძენს’’- აღნიშნა კოკა სეფერთელაძემ.
ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა წეროვანის საჯარო სკოლას ალიანსის შესახებ საინფორმაციო მასალები გადასცეს, რომელთა გაცნობა ყველა მოსწავლეს შეეძლება. მოსწავლეებმა საჩუქრად ნატოს ლოგოთი ბრენდირებული გაკვეთილების ცხრილიც მიიღეს.