,,განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით თბილისის ყველა საჯარო სკოლაში სპორტული მოედანი ან სპორტული დარბაზი გარემონტდა და კეთილმოეწყო, სადაც მოსწავლეებს სპორტის გაკვეთილები ჩაუტარდებათ. მნიშვნელოვანია სპორტული ინფრასტრუქტურის გამართვა, რათა ბავშვები ჯანსაღი ცხოვრების წესით აღიზარდონ’’ - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.
სპორტის გაკვეთილების დანერგვის შემდეგ საჯარო სკოლებში ოცდაოთხი სპორტული ლიგა შეიქმნა, მოსწავლეები ერთმანეთს სპორტის ამდენივე სახეობაში ეჯიბრებიან. ოთხმოცდამეერთე საჯარო სკოლაში ფეხბურთისა და ორთაბრძოლების გაკვეთილები ტარდება. ახლადგახსნილ მოედანზე მოსწავლეები ფეხბურთის თამაშს შეისწავლიან.
თბილისის მასშტაბით 30 საჯარო სკოლაში ახალი სპორტული მოედანი გაკეთდა, 70 სკოლაში სპორტული დარბაზი მოეწყო. რეაბილიტირებული სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და შესაძლებელია მოზარდების სპორტის სხვადასხვა სახეობებში კომპლექსურად მომზადება.
ოთხმოცდამეერთე საჯარო სკოლაში 560 მოსწავლე სწავლობს, სკოლა მრავალეროვნულია და მასში ქართული, სომხური და რუსული სექტორი მოქმედებს.