საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ავიაკომპანია ,,აირზენას’’ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ გაიაშვილმა თბილისის 47-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს ავიაციის შესახებ ლექცია წაუკითხეს.
ლექცია სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების გაკვეთილების ფარგლებში ჩატარდა და მას ავიაკომპანიის მფრინავები და ბორტგამცილებლებიც დაესწრნენ. პირადად მათგან, მოსწავლეებმა, მიიღეს ინფორმაცია ტექნიკური დეტალების შესახებ, გაეცნენ ავიაციის ისტორიას. მინისტრი და კომპანიის ხელმძღვანელი მოსწავლეებს დარგის სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ.
,,დღევანდელი ლექცია მიზნად ისახავს მოზარდებში ისეთი სტრატეგიული დარგის პოპულარიზაციას, როგორიც ავიაციაა. მსგავსი შინაარსის ლექციები სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების გაკვეთილების ფარგლებში მომავალშიც ჩატარდება და სხვა სფეროებსაც მოიცავს.’’ -აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.
სტრატეგიული დარგების პოპულარიზაციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლებში სისტემატურად ატარებს სხვადასხვა სახის თემატურ კონკურსებს. ამ ეტაპზე, სკოლებში მიმდინარეობს კონკურსი ,,გახდი ავიატორი’’.