„დარგე ხე, გაამწვანე თბილისი“ აქციის ფარგლებში მანდატურებმა მოსწავლეებთან ერთად თბილისის ხუთ საჯარო სკოლაში ხეები დარგეს. კედარებისა და კიპარისის ნერგები №169 , №192 , № 175 , №152 და №65 სკოლებში დაირგო და მანდატურებთან და მოსწავლებთან ერთად აქციაში თავად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინიც მონაწილეობდა.
დიმიტრი შაშკინის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ აქციებში მოსწავლეები და მანდატურები ერთობლივად არიან ჩართულები, ერთად ზრუნავენ სკოლის გამწვანებაზე და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შექმნაზე.
აქცია „ დარგე ხე, გაამწვანე თბილისი “, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტარდება და თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელშეწყობით ხორციელდება.
სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის საჯარო სკოლებში შევიდნენ. წლის ბოლომდე მანდატურის ინსტიტუტი გორისა და რუსთავის ყველა საჯარო სკოლაში ამოქმედდება. სამკაციანი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ერთი ქალბატონია, უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში პოლიციის აკადემიაში გადამზადდა და ისინი სრულად ფლობენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც სკოლაში კონფლიქტების მოგვარებაში დაეხმარებათ.
მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.
უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.