ახალი სასწავლო კურსის კლას-კაბინეტები აღჭურვილია CATERPILLAR(CAT) -ის უახლესი სიმულატორებით და LINCOLN ELECTRIC-ის თანამედროვე შედუღების აპარატებითა და ხელსაწყოებით. უნიკალური ტექნიკა, რომლის ანალოგი საქართველოში არ არსებობს, USAID-ის პროფესიული განათლების პროექტის ფარგლებში იქნა შეძენილი.
ახალი სასწავლო კურსის შემოღება განაპირობა საქართველოს პრეზიდენტის რეკომენდაციამ, მძიმე სამშენებლო ტექნიკის მართვისთვის გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების დაწესების თაობაზე. ამ მიმართულებით სასწავლებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პროფესიონალებს მოამზადებს და უზრუნველყოფს მათ დასაქმებას.
”სპექტრში” შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება: ფართო პროფილის მშენებელი; გზის მშენებელი; დურგალი; კალატოზი; მებათქაშე; სანიტარულ–ტექნიკური მომსახურეობა; ამზომველ–გეოდეზისტი; მხაზველ–ამზომველი; განათებისა და ძალური ქსელების ელექტრო–მემონტაჟე; მაცივრებისა და კონდიციონერების ოსტატი; ავტომექანიკოსი–ზეინკალი; ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკოს–ოპერატორი; ბუღალტერ–მოანგარიშე; მდივან–რეფერენტი; მობილური ტელეფონების შემკეთებელი; პერსონალური კომპიუტერის მომსახურე და შემკეთებელი მექანიკოსი და სხვ. ხორციელდება ასევე USAID-ის პროფესიული განათლების პროექტი და "განათლება დემოკრატიისათვის" ნორვეგიის პროგრამა.
სასწავლებელი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ბიზნესმენებთან, სამშენებლო კომპანიებთან, მეწარმეებთან და სხვა საქმიან წრეებთან. ”სპექტრის” პარტნიორები და პოტენციური დამსაქმებლები არიან: საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, კომპანია ”აპეკ სერვისი”, საგზაო კომპანია ”თბილისი”, ”კასპერ-ჯორჯია” და სხვ.