საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი №181 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან ერთად, დოკუმენტური ფილმის ,,საბჭოეთის ისტორია” ჩვენებას დაესწრო.
ლატვიელი რეჟისორის ედვინს შნორეს დოკუმენტური ფილმის ჩვენება სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მასში ნაცისტებისა და საბჭოთა რეჟიმის ურთიერთთანამშრომლობის აქამდე უცნობი დეტალებია გამოაშკარავებული.
ფილმში გამოყენებულია ჰიტლერის პირადი ფოტოგრაფის ჰაინრიჰ ჰოფმანის ექსკლუზიური ფოტოები და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოპოვებული მასალები, სადაც ნაცისტების შესახებ საიდუმლო ინფორმაციაა დაცული.
საბჭოთა რეჟიმის დანაშაულებების შესახებ დაზარალებულები, ევროპელი და რუსი პოლიტოლოგები, ევროპარლამენტარები, ყოფილი საბჭოთა დისიდენტები და დაზვერვის აგენტები მოგვითხრობენ.
ფილმის გადაღება 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა რუსეთში, უკრაინაში, ლატვიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბრიტანეთსა და ბელგიაში. ”საბჭოეთის ისტორიას” პრემიერა ევრო პარლამენტში გასულ წელს შედგა და ფართო საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ეს არის ფილმი, რომელიც ყველამ და განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უნდა ნახონ, რათა სიმართლე იცოდნენ საბჭოთა რეჟიმზე, ნაციზმზე და არასოდეს დაუშვან წარსულის გამეორება.
სამინისტროს ინიციატივით ფილმის ჩვენება საქართველოს ყველა სკოლაში გაიმართება.