საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, რამდენიმე კერძო იურიდიული კომპანია ახორციელებს პროექტს „კანონი ჩვენს ცხოვრებაში“. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ირინე ქურდაძე და კომპანიების წარმომადგენლები 87-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს სამართლებრივ საკითხებზე ესაუბრნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
პროექტის „კანონი ჩვენს ცხოვრებაში“ განხორციელება თბილისის საჯარო სკოლებში ეტაპობრივად მოხდება და მასში მონაწილეობას საშუალო საფეხურის მოსწავლეები მიიღებენ.
პროექტი უზრუნველყოფს სკოლის ასაკის ბავშვებისათვის სამართლებრივი ცოდნის საფუძვლის შექმნას, რაც, თავის მხრივ ხელს, შეუწყობს განვითარებული, კანონის მცოდნე პიროვნებების ჩამოყალიბებას, რომლებიც თავისუფლად შეძლებენ საკუთარი უფლებების დაცვასა და განხორციელებას, შეისწავლიან და გაიაზრებენ საკუთარ მოვალეობებს ქვეყნისა თუ საზოგადოების წინაშე.
პროქტის მიზანს წარმოადგენს ძლიერი, აქტიური და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბება. სწორედ ამიტომ, პროექტის განხორციელების ადგილად შეირჩა საჯარო სკოლები. პიროვნების ჩამოყალიბების ეტაპებში ეს ის პერიოდია, როდესაც შესაძლებელია პიროვნებას დაანახო გზა სამართლიანობისკენ, აჩვენო საშუალებები, როგორ დაიცვას საკუთარი თუ ოჯახის წევრების უფლებები. პიროვნება ცდილობს საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას, რაც მრავალ სირთულესთანაა დაკავშირებული, ხშირ შემთხვევაში უსამართლობასაც შესაძლებელია წააწყდეს. ამგვარ სიტუაციაში, პიროვნება დაუცველი რომ არ აღმოჩნდეს, მნიშვნელოვანია, მისი სამართლებრივი ცოდნის ბაზის შექმნა დაიწყოს სკოლის ასაკიდანვე.