საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა იმერეთის რეგიონის სოფელ ჩხარში ახლადაშენებული სკოლა გახსნეს.
სკოლის მშენებლობა 2008 წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო. სკოლის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებდა. ახალი სკოლის მშენებლობა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც 1991 წელს მიწისძვრის შედეგად სკოლა ავარიული გახდა და შეწყდა სასწავლო პროცესი, მოსწავლეები კი სოფელი ჩხარის მიმდებარე სკოლებში გადანაწილდნენ.
ახალი სკოლის აშენებით სოფელი ჩხარის მოსწავლეებს საშუალება აქვთ ადგილზე მიიღონ სრულფასოვანი განათლება. ახალი სკოლა სრულად პასუხობს თანამედროვე სკოლის სტანდარტებს, სკოლაში 232 მოსწავლე სწავლობს.
სკოლის საქმიანობა საკმაოდ წარმატებულია, სკოლას ჰყავს მოსწავლეთა სამეცნიერო-შემოქმედებით კონფერენციებში გამარჯვებული მოსწავლეები. მათგან 15 მოსწავლეს მინიჭებული აქვს პირველი ხარისხის დიპლომი, 10 მოსწავლეს მეორე ხარისხის დიპლომი, ხოლო 7 მოსწავლეს მესამე ხარისხის დიპლომი. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში, ჰყავთ არაერთი გამარჯვებული მოსწავლე.
წარჩინებული სწავლისთვის პროგრამით ”ჩემი პირველი კომპიუტერი” დაჯიდოვებულია ოთხი მოსწავლე, სკოლას აქვს მნიშვნელოვანი სპორტული მიღწევებიც. სკოლას ასევე ჰყავს წარჩინებული კურსდამთავრებულები - ორმოცამდე ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი, 41 სამეცნიერო და აკადემიური ხარისხის მქონე კურსდამთავრებული;
საქართველოს პრეზიდენტმა ჩხარის სკოლის წარჩინებული მოსწავლეები გვანცა ამირანაშვილი და გიორგი რობაქიძე პორტატული კომპიუტერებით დააჯილდოვა.