27.11.2010
,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამა” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბრიტანული ორგანიზაციის Children’s High Level Group თანამშრომლობით ხორციელდება. დღეისათვის, პროგრამაში 45 საჯარო სკოლა და 45 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა საჯარო სკოლაა ჩართული.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შერჩეულ საჯარო სკოლებში გადამზადდნენ სასკოლო კოორდინატორები, რომლებიც საჯარო სკოლების მოსწავლეების/სტუდენტების და სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე, დევნილი, რეპატრირებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მოზარდების ინტეგრაცია/სოციალიზაცია და თანამშრომლობისათვის, გაკვეთილების შემდეგ ორგანიზებას უწევენ რეგულარულ კლუბებს (ხელგარჯილობა, ცეკვა, მუსიკა, თეატრალური ხელოვნება, კომპიუტერული ტექნოლოგიები, სპორტი).
27 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსი : ,,ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, აბა დღეს მე ვის რა ვარგე“ მოეწყო. წლის განმავლობაში კლუბებში დამეგობრებული სხვადასხვა სოციალური ფენისა და შესაძლებლობების, მათ შორის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ლიახვის ხეობიდან იძულებით გადაადგილებული მოზარდები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში მცხოვრები რეპატრირებული მოზარდები, დედოფლისწყაროში, ქ. რუსთავსა და ქ. ქუთაისში მცხოვრები ბოშა მოზარდები, სტენდების წინ სათემო ინიციატივების შესახებ პრეზენტაციებს აწყობდნენ. გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით შექმნილმა კომისიამ ინიციატივები შემდეგი კრიტერიუმებით შეარჩია:
• სასწავლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი პრობლემის აქტუალობა და ახალი ინიციატივები;
• სექტორთაშორისი (სამთავრობო, არასამთავრობო, კერძო) თანამშრომლობის ხარისხი;
• თემის მობილიზების რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლები;
გამორჩეული ღონისძიებების ავტორები წახალისდნენ ფულადი ჯილდოთი.
თითოეული ინიციატივა ემსახურებოდა სხვადასხვა სოციალური ფენისა და შესაძლებლობების მქონე მოზარდების ჯანსაღი კონკურენციისა და თვითშეფასების ამაღლების ხელშეწყობას.