საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონს ეწვია და სადაზღვევო კომპანია ,,ალფას’’ მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და სადაზღვევო კომპანიის ,,ალფა’’ ორგანიზებით, ავერსის კლინიკის მაღალკვალიფიციურმა ექიმებმა უსინათლო ბავშვებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს.
202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ხუთი მიმართულებით ჩაუტარდათ კვლევა: ოფთალმოლოგირი, ნერვოპათოლოგიური, ოტორინოლარინგოლოგიული, კარდიოლოგიური და ექოსკოპიური. აქციის ფარგლებში, ”ავერსის საქველმოქმედო ფონდიდან” სკოლას 33 დასახელების მედიკამეტი უფასოდ გადაეცა.
უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონში ჩატარებული აქციის მიზანი იყო დაწესებულების ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა, ქრონიკულ პაციენტთა გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების დასახვა.
სადაზღვევო კომპანია ”ალფა" 2009 წელს დაარსდა და იგი აქტიურად არის ჩართული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის, კომპაქტურ დასახლებებში მყოფი იძულებით გადაადგილებული პირების, მზრუნველობამოკლებული ბავშვების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრების, რუსთაველის პრემიის ლაურეატების სამედიცინი დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში. კომპანიის გენერალური დირექტორის ედუარდ ცხოვრებაძის განცხადებით, 202-ე საჯარო სკოლაში განხორციელებული აქცია არ იქნება ერთჯერადი და იგი მომავალშიც გაგრძელდება.