საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მოქვის სახარების გადასარჩენად გამართულ საქველმოქმედო აქციას დაესწრო. დიმიტრი შაშკინის თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად ჩაერთვება მოქვის სახარების გადარჩენის პროცესში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები და საკუთარ წვლილს შეიტანენ ამ საშვილიშვილო საქმეში.
საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორები არიან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და მარჯანიშვილის თეატრი. ღონისძიების მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მომღერლებმა: ლიზა ბაგრატიონმა, თამრიკო ჭოხონელიძემ, ეკა მამალაძემ, გიორგი უშიკიშვილმა. ანსამბლმა ,,ლაშარი’’, დათო არჩვაძემ და თეატრალურმა კვარტეტმა, ზუმბამ, ნიაზ დიასამიძემ, ნეკა სებისკვერაძემ, სოფო ხალვაშმა, სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა, ანსამბლებმა ,,მართვე’’, ,,ბასიანი’’, აფხაზეთის ახალგაზრდულმა კაპელამ და სხვ. ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მოქვის სახარების გადარჩენის მრავალწლიან და ძვირადღირებულ პროექტს.
მარჯანიშვილის თეატრში ასევე მოეწყო მცირე გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო საინფორმაციო ბანერები და მოქვის სახარების მულაჟი. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ შეეძინათ პატარა კალიგრაფების მიერ ქაღალდზე, მუყაოსა თუ კერამიკულ ნაწარმზე იქვე, საგანგებოდ შესრულებული სამახსოვრო წარწერები და მოქვის სახარების დეტალების ასლები. გაიყიდა ასევე საგანგებოდ ამ აქციისათვის დამზადებული, მოქვის სახარებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სუვენირები. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მოქვის სახარების კონსერვაციას.
მოქვის სახელით ცნობილი ხელნაწერი დანიელ მოქველი მთავარეპისკოპოსის დაკვეთით ეფრემს 1300 წელს აფხაზეთში გადაუწერია. საწერ მასალად გამოყენებულია სპილოს ძვლისფერი ეტრატი.
ხელნაწერი XIII-XIV საუკუნეებისთვის უჩვეულო მინიატურების სიუხვითაც გამოირჩევა. ხელნაწერის მხატვრულ თავისებურებას ფურცლოვან ოქროზე შესრულებული მინიატურები წარმოადგენს. სახარების მხატვრულ სახეს 155 მინიატურა, 10 კამარა და 530-მდე საზედაო ასო და ინიციალი განსაზღვრავს, რაც პალეოლოგოსური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშია ქრისტიანულ ტრადიციულ კულტურაში.
ამ დროისთვის მოქვის სახარება მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ქართული დამწერლობის, მართლმადიდებლური რელიგიისა და კულტურის ამ უძვირფასეს ექსპონატს დაუყოვნებლივ ესაჭიროება რესტავრაცია.