საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მელაძე კალათბურთში საბურთალოს რ-ნის საჯარო სკოლებს შორის ჩატარებული ტურნირის ფინალურ შეხვედრას დაესწრნენ.
რამდენიმედღიანი შეჯიბრი კალათბურთში საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ინიციატივით, საბურთალოს რაიონის 16 საჯარო სკოლას შორის ჩატარდა. პირველ ადგილზე 52-ე საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, გამარჯვებულ გუნდს გიორგი მელაძემ თასი, მედლები და სიგელები გადასცა, გუნდის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ამირხანაშვილი დიმიტრი შაშკინმა პორტატული კომპიუტერით დაასაჩუქრა, მეორე და მესამე ადგილზე გასულ 1-ლი ექსპერიმენტული სკოლისა და 64-ე სკოლის გუნდებს მედლები და სიგელები გადაეცათ.
მოზარდებში სპორტით დაინტერესება იზრდება, პრეზიდენტის ინიციატივით ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებს ფიზიკური განათლებისა და სპორტის გაკვეთილები ჩაენაცვლა. ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდა ცვლილება, რომელიც გამოიხატება ფიზიკური განათლებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობების ინტეგრაციაში და იგი საქართველოს ყველა საჯრო სკოლაში ხორციელდება. შეიქმნა შესაბამისი სასწავლო პროგრამა, გადამზადდა პედაგოგები და მოეწყო ინფრასტრუქტურა.
ეწყობა სასკოლო ჩემპიონატები სპორტის სამ სახეობაში: ფეხბურთი, კალათბურთი და ფრენბურთი, სახეობებს სკოლები სურვილისამებრ ირჩევენ. ტურნირები რამდენიმე ეტაპად ტარდება, მასში ვაჟებთან ერთად გოგონათა გუნდებიც ასპარეზობენ.
პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც მოზარდებში სპორტის პოპულარიზაციას ითვალისწინებს, ბევრი მხარდამჭერი ჰყავს პარლამენტარების, სხვადასხვა უწყებათა წარმომადგენლების, ცნობილი სპორტსმენებისა და სპორტის ექსპერტების სახით.