საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ცეკვის მასწავლებელთა სემინარის მიმდინარეობას გაეცნო. კონკურსის წესით შერჩეული 50 ცეკვის მასწავლებელი, სემინარის გავლის შემდეგ, საპილოტე პროექტის ფარგლებში თბილისის სკოლებში შევლენ და ქართულ ცეკვებს შეასწავლიან მოსწავლეებს. 2011-2012 სასწავლო წლიდან კი პროგრამა ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში საქართველოს ყველა სკოლაში ამოქმედდება.
ახალი საგნის დანერგვა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მოხდება. სკოლებში ცეკვის გაკვეთილების ჩასატარებლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად ცეკვის მასწავლებლის ვაკანსიებზე კონკურსი გამოაცხადა.
საკონკურსო კომისიაში მონაწილეობდნენ გიორგი უშიკიშვილი, ფრიდონ სულაბერიძე, რევაზ ჭანიშვილი, ნინო სუხიშვილი, თენგიზ უთმელიძე და უჩა დვალიშვილი.
კონკურსის წესით შერჩეული ცეკვის მასწავლებლთათვი სემინარების ჩატარებას სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. ტრენინგების ძირითადი თემაა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის, ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლის ორგანიზებისა და სტრუქტურის გაცნობა, ინკლუზიური განათლების საკითხები, ეთიკის კოდექსები და სხვა.