სამინისტროს საინოვაციო ცენტრში მასწავლებელთა გადამზადება ეტაპობრივად მიმდინარეობს, სამუშაო შეხვედრებზე ისინი ინტერაქტიურ დაფასთან მუშაობას ეცნობიან და სასწავლო პროცესში მისი გამოყენების შესაძლებლობებს განიხილავენ, ასევე ეცნობიან ქართულენოვან სასწავლო რესურსებს. მომავალი კვირიდან კი, მასწავლებლები სამინისტროში თავად ჩაატარებენ გაკვეთილებს smartboard-ის გამოყენებით.
ინტერაქტიური ელექტრონული დაფა ნოვაციაა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო ბაზარზეც. ევროპისა და ამერიკის სასწავლო დაწესებულებებში დაფას წარმატებით იყენებენ. კვლევებმა აჩვენა, რომ smartboard-ის გამოყენება ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და მათ აკადემიურ მოსწრებას, ამცირებს ახალი მასალის ახსნასთან დაკავშირებულ სირთულეებს და ხელს უწყობს მასალის დამახსოვრებას.
დაფას უნიკალური შესაძლებლობები გააჩნია. მასზე ყველა მოქმედება ელექტრონულად ხორციელდება, გამოიყენება ნებისმიერი საგნის სწავლების პროცესში, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას დაფა ვირტუალური ლაბორატორიის ფუნქციას იძენს. იგი კომპიუტერთანაა დაკავშირებული და ნებისმიერ მოქმედებას რაც მასზე ხორციელდება კომპიუტერი იმახსოვრებს.
მასწავლებელს ელექტრონული დაფის გამოყენებით შესაძლებლობა ექნება მოსწავლეებს ტესტირება ჩაუტაროს, მოსწავლეები დისტანციური მართვის პულტების დახმარებით დააფიქსირებენ პასუხების თავიანთ ვარიანტებს. თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს და ადვილად დაძლევადს ხდის სწავლა-სწავლების პროცესს.