კონკურსი ”მე მიყვარს ჩემი პოლიცია” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შსს-სთან თანამშრომლობით განახორციელა. თხზულებების კონკურსში VI-XII კლასის, ხოლო ფოტოკონკურსში VII-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ნახატების კონკურსი კი ორ ასაკობრივ ჯგუფში I-VI და VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა.
კოკა სეფერთელაძემ და ეკა ზღულაძემ დასკვნით ტურში გამარჯვებულები დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს: I ადგილზე გასულები - 700 ლარით, II ადგილზე გასულები - 500 ლარით, III ადგილზე გასულები - 300 ლარით.ნახატების კონკურში პირველი ადგილი თბილისის №169 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლემ მარიამ ჭანტურიამ და №145 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ ანა ჯავახაძემ დაიკავეს. თხზულებების კონკურსში გამარჯვებული ოზურგეთის №3 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე დავით შალიკავა გახდა, ხოლო ფოტოკონკურსში თბილისის №168-ე სკოლის მოსწავლე ელენე გლაზოვა.
გამოვლინდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ფავორიტები, რომლებიც პოტატული კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ. დიმიტრი შაშკინის ფავორიტი ადიგენის რაონის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლე დარეჯან ჯაფარიძე, ხოლო ვანო მერაბიშვილის ფავორიტი თბილისის №136-ე საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე დიმიტრი ყანჩაველი გახდა.”განსაკუთრებული პრიზით” კი №141-ე საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ვახტანგ ჭყოიძე დაჯილდოვდა, რომელმაც თხზულებების კონკურსში წარმატებით მიიღო მონაწილეობა.
თხზულებებისა და ნახატების კონკურსები სამ ეტაპს: სასკოლო, რეგიონულ და დასკვნით ტურებს მოიცავდა. რეგიონულ ტურში სკოლებმა ორი საუკეთესო ნახატი და თხზულება წარმოადგინეს, რომელთაგან ერთი მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ ფარული კენჭისყრით შეირჩა. რეგიონულ ტურში სულ 66 ნახატმა და 29 თხზულებამ გაიმარჯვა, რომელთა ავტორებმაც სერთიფიკატები მიიღეს.