საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები, კერძო და საჯარო სკოლა და ასევე, საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა.
წლის საუკეთესო მოსწავლედ თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური 199-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე სანდრო მალუძე დასახელდა. სანდრო მალუძე 2010 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში ორგზის გამარჯვებულია, მან მეორე ადგილი ფიზიკაში მოიპოვა, მეოთხე ადგილი მათემატიკაში, ხოლო 7 საგანში მეორე ტურში, 4 საგანში კი, დასკვნით ტურში გადავიდა.
წლის საუკეთესო მასწავლებლად რუსთავის 26-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ზაზა მელიქიძე დასახელდა. მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებში ზაზა მელიქიძემ მათემატიკის საგნობრივ გამოცდაში ყველაზე მაღალი ქულა დაიმსახურა და ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი აქვს უნარებში. მისი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ სასწავლო ეროვნულ ოლიმპიადებში.
საუკეთესოდ დასახელდა პროექტის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული, ინგლისური ენის მოხალისე პედაგოგი სტეფანი ეგერი, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონის საჯარო სკოლაში მოღვაწეობს. მისი გაკვეთილები გამორჩეული და ძალზე საინტერესოა, სტეფანიმ მოსწავლეთა და ზოგადად სოფლის მაცხოვრებელთა დიდი სიყვარული დაიმსახურა. იგი მრავალი ღონისძიების ავტორია და ხელმძღვანელობს ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს, სადაც მასწავლებლებსაც აქვთ შესაძლებლობა გაიღრმავონ ენის ცოდნა.
გამოვლინდნენ წლის საუკეთესო მანდატურებიც, ესენი არიან: №199 საჯარო სკოლის მანდატური ლევან ხარაზიშვილი, №151 სკოლის მანდატური ლანა ღონღაძე და №56 სკოლის მანდატური გიორგი ქამუშაძე. ეს ადამიანები განსაკუთრებული გულისხმიერებით, ბავშვებისადმი დიდი ყურადღებითა და მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩნენ. არაერთი მოზარდი მიმართავთ მათ პირადი პრობლემებით და იღებს შესაბამის დახმარებას. ისევე როგორც სხვა სკოლებში, ზემოაღნიშნულ სკოლებშიც აღმოიფხვრა დანაშაულის, სკოლის უმიზეზოდ გაცდენის და დაგვიანების ფაქტები.
წლის საუკეთესო დირექტორად თბილისის ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური №42 საჯარო სკოლის დირექტორი ალუდა გოგლიჩიძე გამოვლინდა. ორი წლის განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით ამ სკოლის მოსწავლეები სასწავლო ოლიმპიადებში ფიზიკასა და მათემატიკაში პირველ ადგილს იკავებენა, წარმატებებით ბრუნდებიან საერთაშორისო ოლიმპიადებიდანაც. კურსდამთავრებულთა 50% უმაღლეს სასწავლებლებში 100%-იანი გრანტებით ხვდებიან. ამას ყველაფერს ხელს უწყობს სკოლაში მოქმედი საგნობრივი წრეები და პედაგოგთა მაღალი კვლიფიკაცია. ამ სკოლის მოსწავლეებს მაღალი მაჩვენებლები აქვთ ჰუმანიტარულ საგნებშიც. სკოლის დირექტორის ინიციატივით, სკოლაში ბევრი ახალი პროექტი და პროგრამა ხორციელდება. ალუდა გოგლიჩიძე თავადაც აქტიურად მონაწილეობს სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტების შემუშავებაში.
წლის საუკეთესო საჯარო სკოლად ახალციხის №5 სკოლა დასახელდა. სკოლა ყველაზე მრავალრიცხოვანია ახალციხეში, პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებში, მოსწავლეები გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით. დიდი ყურადღება ეთმობა სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, თანამედროვედ აღჭურვას. საკუთარი თანხების მობილიზებით სკოლაში არაერთი სარეაბილიტაციო საქმიანობა განხორციელდა.
წლის საუკეთესო კერძო სკოლად სკოლა-ლიცეუმი - „მწიგნობართუხუცესი“ დასახელდა. თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე სკოლაში სამინისტროს მიერ ინიცირებული ყველა სიახლეა დანერგილი და წარმატებით ხორციელდება. „მწიგნობართუხუცესი“ ერთ-ერთი პირველი კერძო სკოლაა, რომელიც სამინისტროს ინიციატივას გამოეხმაურა და სექტემბრიდან უფასოდ სწავლის გაგრძელება შესთავაზა რამდენიმე ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და მოსწავლეებს, რომელთაც სასკოლო ეროვნულ ოლიმპიადებში გაიმარჯვეს.
წლის საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელად თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან ჩხეტია დასახელდა. მას მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა ტრენინგებსა და სემინარებში, არის ბევრი ღონისძიებისა და ტრენინგის ორგანიზატორი. რუსუდან ჩხეტიას ძალისხმევით რაიონის სკოლის დირექტორები და მასწავლებლები მუდამ არიან ინფორმირებულები სიახლეებისა და ახალი ინიციატივების შესახებ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ზემოთ ჩამოთვლილ ნომინაციებში გამარჯვებულებს სპეციალურად დაწესებული ჯილდოები გადასცა და აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველთვის წაახალისებს წარმატებულ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და დირექტორებს, ასევე კერძო და საჯარო სკოლებსაც. რადგან მათ ჰქონდეთ მოტივაცია კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიონ.
მომავალშიც, ყოველწლიურად, გამოვლინდება წარმატებული მოსწავლე, მასწავლებელი, დირექტორი, მანდატური, კერძო და საჯარო სკოლა და ასევე, საუკეთესო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი.