საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა მე-200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს სურვილი აუსრულა და საახალწლოდ მათ ახალი ადაპტირებული სასკოლო ავტობუსი გადასცა. ავტობუსი პოპულარულმა წამყვანმა ვანო ჯავახიშვილმა თავად მიუყვანა ბავშვებს. ამ დღეს პანსიონს ამერიკელი საზღვაო ქვეითებიც სტუმრობდნენ. სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს და საახალწლო წარმოდგენა გაუმართეს.
მე-200 სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 137 მოსწავლე სწავლობს, მათგან 110 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. დიდი უმრავლესობა არდადეგების დღეებსაც სკოლა-პანსიონში ატარებს. არიან მოზარდები, რომელთაც თავისუფლად გადაადგილების პრობლემები აქვთ, აქედან გამომდინარე, საკუთარი სასკოლო ადაპტირებული ავტობუსი მათ ბევრ პრობლემას მოუხსნის.
თანამედროვე მოდელის სასკოლო ავტობუსი მორგებულია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მოთხოვნებზე. ახალი სატრანსპორტო საშუალებით მოზარდები ადვილად შესძლებენ ქალაქში და ქალაქგარეთ გადაადგილებას, დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას. ავტობუსთან დაკავშირებით თავიანთი სურვილი ბავშვებმა მინისტრს ერთ-ერთი სტუმრობისას გაუმხილეს.
მე-200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებზე და ზოგადად ამ ტიპის სასწავლო დაწესებულებათა ბინადრებზე ზრუნვა სამინისტროსთვის პრიორიტეტია, ეს ბავშვები არასდროს რჩებიან ყურადღების მიღმა მითუმეტეს, განსაკუთრებულ დღეებში.