საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური ყველაზე ხანდაზმულ აკადემიკოსს, ქალბატონ ნინო ჯავახიშვილს ესტუმრნენ და დამდეგი შობა მიულოცეს.
აკადემიკოსი ნინო ჯავახიშვილი თითქმის 70 წელია მეცნიერებაში მოღვაწეობს და სხვადასხვა დროს მიღებული აქვს თითქმის ყველა სამეცნიერო ხარისხი და წოდება. იგი არის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი.
ქალბატონი ნინო ჯავახიშვილი დღემდე აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში, ექსპერიმენტული მორფოლოგიის მიმართულებით. არის ალექსანდრე ნათიშვილის ექპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის საპატიო დირექტორი. იგი 275 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 7 მონოგრაფიის ავტორია.
სტუმრებმა ქალბატონ ნინო ჯავახიშვილს მადლობა გადაუხადეს ქართულ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის და დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვეს. სულხან სისაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია საზოგადოება იცნობდეს და აფასებდეს ქართველ ღვაწლმოსილ მეცნიერებს.