საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უცხოელ მოხალისე პედაგოგთა მორიგ ჯგუფს დახვდა. საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ამერიკიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, ირლანდიიდან და პოლონეთიდან ჩვენ ქვეყანაში ამჯერად, 65 ინგლისურენოვანი მასწავლებელი ჩამოვიდა.
ახლადჩამოსული ინგლისურენოვანი პედაგოგები ტრადიციულად ტრენინგს გაივლიან, დასავლეთის რეგიონის სკოლებში გადანაწილდებიან და მეორე სემესტრიდან ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად, სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან. უკვე დასავლეთის რეგიონის ყველა სკოლას მოხალისე პედაგოგი ჰყავს.
”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროექტის ფარგლებში, ინგლისურენოვან პედაგოგთა ჩამოსვლა მიმდინარე წლის განმავლობაშიც გაგრძელდება და დასრულდება აღმოსავლეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოხალისე მასწავლებლებით შევსების პროცესი.
საქართველოს საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლები უცხოელ პედაგოგებთან ერთად, სწავლების ახალ მეთოდებს და მიდგომებს მომავალშიც წარმატებით დაეუფლებიან.