საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და სიახლეები გააცნო. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ: საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები. შეხვედრაზე მინისტრმა მოკლედ შეაჯამა გასული წელი და ვრცლად ისაუბრა მომავალ გეგმებზე.
ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რაც 2011 წლიდან განხორციელდება სკოლების დაფინანსების ახალი მოდელია. შემუშავდა ფორმულა, რომელიც თანაბარ პირობებში აყენებს როგორც მაღალმთიანი სოფლების, ასევე დიდი ქალაქების სკოლებს.
2011 წლიდან, სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის გზით, სკოლების ვაუჩერული დაფინანსება 44 მილიონი ლარით გაიზრდება. ბიუჯეტში დანაკლისი არცერთ სკოლას აღარ ექნება.
ახალი ფორმულის მიხედვით, ყველა სკოლას გაუჩნდება გარკვეული სახსრები იმისთვის, რომ განავითაროს სკოლის ინფრასტრუქტურა. ეს გახდის სკოლას უფრო დამოუკიდებელს და ხელს შეუწყობს სკოლების დეცენტრალიზაციას.
სკოლების დაფინანსების ახალი მოდელი მოსწავლეთა რაოდენობაზე, სასწავლო კურიკულუმებსა და სკოლის საჭიროებებზე არის მიბმული. სკოლების დაფინანსების ახალი მოდელი აშშ-ს განვითარების სააგენტოს ექსპერტების, სკოლის დირექტორებისა და ადგილობრივი ექსპერტების მიერ შემუშავდა.
დიმიტრი შაშკინი შეეხო დირექტორთა და მასწავლებელთა სერტიფიცირების საკითხს, მიმდინარე წელს ყველა მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა გამოცდები გაიაროს და მიიღოს მაღალი ანაზღაურება, ასევე სურვილის შემთხვევაში, ყველა საგნის სერტიფიცირებული პედაგოგი შესძლებს გადალახოს ინგლისური ენის ცოდნისა და კომპიუტერული უნარ-ჩვევების ფლობის მინიმალური კომპეტენცია, რაც ასევე გულისხმობს დამატებით ანაზღაურებას.
ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი მიიღებს ნეთბუქს. ივნისისთვის საქართველოში აშენდება ქარხანა, სადაც პირველკლასელთა კომპიუტერები აიწყობა, დაწყებითი კლასებიდან გაძლიერდება უცხო ენისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლება.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მკაცრდება სახელმძღვანელოთა გრიფირების წესი, შესაბამისად, კომპეტენტური კომისიის მიერ მხოლოდ კარგი სახელმძღვანელოები შეირჩევა. წელს პირველად საატესტატო გამოცდები CAT-ის პროგრამით ჩატარდება. 2011 წლიდან შემოდის ახალი სავალდებულო და არჩევითი საგნები. დასასრულს, დიმიტრი შაშკინი პროფესიული განათლებისა და ზოგადად, სწავლა/სწავლების პროცესის გაუმჯობესებასაც შეეხო.