სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს სასწავლებლისთვის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცეს.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტმა ერთ-ერთმა პირველმა დააკმაყოფილა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ავტორიზაციის ყველა სტანდარტი და მას, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს დადგენილებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. უნივერსიტეტში 500-ზე მეტი სტუდენტი ჯანდაცვის მიმართულებით ეუფლება სპეციალობას. თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად, საქართველიში საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული 3 უმაღლესი და 25 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს.
2010 წლის 1 სექტემბრიდან საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება დაკავშირებულია ავტორიზაციის გავლასთან - საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებასთან. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად, შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილება.
საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება აქამდე ლიცენზირებას, ინსტიტუციურ და პროგრამულ აკრედიტაციას, ორ სხვადასხვა სამსახურს ექვემდებარებოდა. განხორციელებული ცვლილებებით, საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელს აღარ უწევს ორი განსხვავებული პროცედურის ორ სხვადასხვა დაწესებულებაში გავლა. თვლად მონაცემებს უკვე ხარისხობრივ-შინაარსობრივი სტანდარტები ანაცვლებენ.
საპატრიარქოში გამართული ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს შორის დიალოგი გაიმართა, რომელიც განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებს, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს შეეხებოდა.