საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პირველად საქართველოში ქართულის, როგორც უცხო ენის სტანდარტი შემუშავდა. პროექტის შექმნის შესახებ ინიციტივით სამინისტროს ეროვნულ დემოკრატიული პარტიის წევრმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ მიმართა. დეპუტატმა სამინისტროს ექსპერტებთან ერთად, უშუალოდ მიიღო მონაწილეობა სტანდარტის შექმნაში.
ქართულის, როგორც უცხო ენის სტანდარტის ელექტრონული ვერსია განსახილველად კომისიას წარედგინა. პირველი სამუშაო შეხვედრა სამინისტროში გაიმართა და კომისიის წევრებთან ერთად, მუშაობაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო.
სტანდარტში აღწერილია ქართული ენის ფლობის დონეები (A1-A2; B1-B2). მობილური პროგრამა საშუალებას იძლევა მომხმარებელმა მარტივად დაუკავშიროს ერთამანეთს ქართული ენის სხვადასხვა საკითხი და შეძლოს ზეპირ თუ წერილობით ტექსტებში ორიენტირება. სპეციალურად ამ პროგრამისთვის პირველად შეიქმნა ქართული ენის ფუნქციური გრამატიკა. საბოლოოდ, პროგრამა უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის უნიფიცირებასა და ხელს შეუწყობს ყოველდღიური და საქმიანი ურთიერთობებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების (ლაპარაკი, წერა, კითხვა, სმენითი აღქმა) განვითარებას.
ქართული ენის ფლობის სტანდარტი განკუთვნილია მასწავლებლების, შემფასებლების, მეთოდისტების, სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შემდგენლებისათვის, სასწავლო ლიტერატურის გამომცემლებისა თუ რედაქტორებისათვის, ასევე თვით შემსწავლელებისა და იმ პირთთვის, ვისაც საქმე აქვს ქართულის, როგორც მეორე ან უცხო ენის სწავლა/სწავლებასთან როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
მომავალში ლექსიკურ ერთეულებს ინგლისურ ენაზე თარგმანი დაერთვება, ქართული წარმოთქმის მოსმენის მიზნით, ყველა სალექსიკონო ერთეული და მაგალითი გახმოვანდება, შესწავლილი მასალის შემოწმების მიზნით, შედგება სპეციალური ტესტები, რომლებიც ასევე ჩაიტვირთება ელექტრონულ პროგრამაში.