განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ბათუმის საზღვაო აკადემიას ესტუმრა და სწავლის პროცესს გაეცნო. მინისტრმა სტუდენტებთან და პედაგოგებთან შეხვედრისას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და ახალ გამოწვევებზე ისაუბრა.
ბათუმის საზღვაო აკადემია საქართველოში ერთადერთი უმაღლესი საზღვაო სასწავლებელია, სადაც პროფესიულ, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე 1419 სტუდენტი სწავლობს.
აკადემიის ბიბლიოთეკა შევსებულია უახლესი საზღვაო კონვენციური, სახელმძღვანელო და სამეცნიერო ლიტერატურით.
ბათუმის საზღვაო აკადემიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2010 წლის თებერვალში უსასყიდლოდ გადასცა სასწავლო გემი. რეაბილიტაციის შემდეგ გემზე მომავალი მეზღვაურები პრაქტიკულ მეცადინეობას შემდეგ სპეციალობებში გადიან: გემთწამყვანობა, გემთმექანიკოსობა და ელექტრომექანიკოსობა, რაც საერთაშორისო საზღვაო კონვენციის მოთხოვნებს მთლიანად აკმაყოფილებს.
გემზე პრაქტიკულ სწავლებას ერთდროულად სამოცი სტუდენტი ეუფლება. ექვსთვიანი კურსის დასრულების შემდეგ მეზღვაური პირველად საზღვაო აკადემიის ისტორიაში საზღვაო ადმინისტრაციისგან ე.წ. სამუშაო დიპლომს მიიღებს.
სამუშაო დიპლომის მიღების შემდეგ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ეძლევა მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან კრუინგულ კომპანიებში დაიწყოს მუშაობა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბაზარზე კვალიფიციური მეზღვაურების დიდი მოთხოვნაა.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის, ტექნიკური და მატერიალური აღჭურვილობის თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა, ყოველივე ეს, განახლებულ სასწავლო პროგრამებთან ერთად, უზრუნველყოფს ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღებას.
მსოფლიო ბაზარზე კვალიფიციური მეზღვაურების მზარდი მოთხოვნაა და სასიხარულოა, რომ ბათუმის საზღვაო აკადემია ამ მოთხოვნას სრულიად აკმაყოფილებს.