ქართული ენის სწავლების საკითხებს, არსებულ პრობლემებს, გამოცდილებასა და თანამედროვე გამოწვევებს ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო.
კონფერენციის მთავარი თემა სახელმწიფო ენის სწავლების კუთხით არსებული სიტუაციისა და მსოფლიოში მეორე ენის სწავლებასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა იყო, რომელშიც ქართველი და უცხოელი პროფესორები, ექსპერტები და დარგის სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
ბოლო წლებში, სამინისტროს მიერ სახელმწიფო ენის, ბილინგვური და ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების კუთხით ბევრი პროექტი განხორციელდა. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სახლები იხსნება, სადაც ყველა დაინტერესებული პირი ქართულ ენას გაძლიერებულად შეისწავლის. ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“, რომლის ფარგლებში ბაკალავრები და მაგისტრანტები ქვემო ქართლის, სამცხე–ჯავახეთისა და კახეთის რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში სასკოლო საგნებს მოსწავლეებს ქართულ ენაზე ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად შეასწავლიან. ყველა პროგრამისთვის, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი სახელმძღვანელოები, სხვადასხვა დამხმარე სასწავლო მასალა და თვალსაჩინოება მომზადდა.
წელს პირველად, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი აბიტურიენტები უმაღლესში მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტის ჩაბარების საფუძველზე მოხვდებიან. წარმატებული აბიტურიენტები ქართული ენის შემსწავლელ სპეციალურ ერთწლიან პროგრამას გაივლიან და სასურველ სპეციალობებზე სწავლას ქართულ ენაზე გააგრძელებენ. პირველი 100 მაღალქულიანი სომეხი და 100 აზერბაიჯანელი სტუდენტის სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს.
კონფერენციაზე შეჯამდა საქართველოსა და მსოფლიოს საგანმანათლებლო სივრცეში სახელმწიფო ენის სწავლების კუთხით ჩატარებული კვლევებისა და ახალი მიდგომების პილოტირების შედეგები, ქართველი სპეციალისტები გაეცნენ ენების სწავლებაში დასავლურ გამოცდილებასა და უცხოელი კოლეგების მიღწევებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დადებითად შეაფასა კონფერენციის მუშაობა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ენის სწავლების პროცესისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო კვლევების, კონცეფციების, მიდგომების განხილვა, შეჯამება და მათგან საუკეთესოს საკუთარ ქვეყანაში დანერგვა.