13 ოქტომბერს მსოფლიო კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ მოვლენასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში რულანდ მონაშმი და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი დაესწრნენ.
ღონისძიება ორგანიზებული იყო გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის, საქართველოს მთავრობის, ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან თანამშრომლობით.
კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 13 ოქტომბერს აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოება უკეთ იყოს ინფორმირებული, თუ როგორ შეიძლება ისეთი კატასტროფების რისკის შემცირება, როგორიცაა მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი და სხვა. წელს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვებსა და ახალგაზრდებთან თანამშრომლობას.
ღონისძიების მსვლელობისას აქცენტი გაკეთდა განათლების სექტორის იმ ძირითად მიღწევებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ბავშვებისა და თემების უსაფრთხოებასა და დაცულობას კატასტროფების მიმართ. ძირითად მიღწევებს შორისაა: ეროვნულ სასწავლო გეგმაში კატასტროფების რისკის შემცირების კომპონენტის ჩართვა, საგნის - “სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება” და სპეციალური სადამრიგებლო საათის პროგრამის შემოღება V-IX კლასელთათვის, პირველად საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების საგანმანათლებლო პორტალის შექმნა ყველა სამიზნე ჯგუფისათვის და სკოლებში კატასტროფისადმი მზადყოფნის ღონისძიებების პილოტირება.
ამ დღეს ხელი მოეწერა ბავშვთა საერთაშორისო ქარტიას და ამით ქართველი ბავშვები შეურთდნენ თანატოლებს მთელ მსოფლიოში, ბავშვთა ქარტიის ხუთი პრიორიტეტია: სკოლების უსაფრთხოება – კატასტროფებმა არ უნდა შეაფერხონ სასწავლო პროცესი; ბავშვთა დაცვის პრიორიტეტულობა კატასტროფამდე, მის დროს და მის შემდეგ; ბავშვების და ახალგაზრდების უფლება მიიღონ მონაწილეობა და ხელი მიუწვდებოდეთ საჭირო ინფორმაციაზე; ადგილობრივი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება და აღდგენითი და სამაშველო სამუშაოების შედეგად რისკების შემცირება; კატასტროფების რისკის შემცირებისას განსაკუთრებული ყურადღება ყველაზე დაუცველ მისახლეობაზე.
ბავშვთა ქარტია ეფუძნება მსოფლიოს 21 ქვეყნის 600-ზე მეტი ბავშვის აზრს, რომლის თანახმად განათლება, ბავშვთა დაცვა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უმთავრესია მათ ოჯახებსა და თემებზე ბუნებრივი კატასტროფებისა და კლიმატის ცვლილების დამანგრეველი გავლენის შესამცირებლად.