საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროგრამაში “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ჩართულ 150 პედაგოგს შეხვდა და მათთან ერთად შეაფასა ახალ სასწავლო წელს დაწყებული პროგრამის შედეგები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” 2011 წლის სექტემბრიდან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ამოქმედდა. პროგრამა ითვალისწინებს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ორიენტირებულია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების გაძლიერებაზე. პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში ქართულენოვანი პედაგოგების გაგზავნა. პროგრამაში უკვე ჩართულია 150 მონაწილე, სასწავლო წლის დასრულებამდე პროგრამაში ჩართულ მონაწილეთა რიცხვი 500-მდე გაიზრდება.
პროგრამის მონაწილეები რეგიონებში გამგზავრებამდე, სპეციალური მომზადების კურსს გადიან. მონაწილეთა მთავარი ფუნქცია ქართული ენის გაკვეთილებზე ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მუშაობა და ქართული ენის გაკვეთილების ჩატარებაა. ისინი აგრეთვე თანამშრომლობენ სხვადასხვა საგნის პედაგოგებთან და გაკვეთილებს ბილინგვური მეთოდით ატარებენ.
ყველა მონაწილე ადგილობრივ ოჯახში ცხოვრობს და ოჯახის წევრებსაც ასწავლიან სახელმწიფო ენას. პროგრამის მონაწილეებმა სკოლებში ქართული ენის კლუბი და სხვადასხვა სახის წრეები შექმნეს, რაც მოსწავლეებს უადვილებს გაიცნოს საქართელოს კულტურა და ჩაერთონ სხვადასხვა სახის არაფორმალურ აქტივობებში.
ქართული ენის სწავლების გაძლიერებას, პროგრამის ფარგლებში შექმნილი, დაწყებითი საფეხურის I-IV დონის ახალი სახელმძღვანელოებიც მნიშნელოვნად უწყობს ხელს. ახალი სასწავლო მასალა სრულად ეფუძნება სწავლების თანამედროვე მეთოდებს და მორგებულია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე. აგრეთვე მნიშვნელოვანია, დამხმარე აუდიო-ვიზუალური მასალა და კომპიუტერული თამაშები, რომელიც სახელძღვანელოებს თან ახლავს.
პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრის ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, რომლისთვისაც ქართული მშობლიური ენაა. არაქართულენოვან სკოლაში ერთი აკადემიური წლის მუშაობის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველებს 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით აფინანსებს. ამავდროულად, მონაწილეებს პროგრამაში ჩართვა პედაგოგად მუშაობის სტაჟში ეთვლებათ, შესაბამისად, საშუალება აქვთ სკოლაში მუშაობა მასწავლებლებად განაგრძონ და სერტიფიცირების გამოცდა ჩააბარონ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკვე შეარჩია მონაწილეთა ახალი ნაკადი, რომელიც ამჟამად მომუშავე პედაგოგებს 2012 წლის იანვრიდან შეუერთდება და საქართველოში არსებულ ყველა არაქართულენოვან სკოლას მოიცავს.