საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 2011 წლის შედეგები მასმედიის წარმომადგენლებთან გაზეთ ,,პრაიმ-ტაიმის’’ ოფისში შეაჯამა. მინისტრის განცხადებით, 2011 წელს სამინისტრო პროექტებს 42 მიმართულებით ახორციელებდა, ყველა დაწყებული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და 2012 წელს მათ ხუთი ახალი პროექტი დაემატება.
მინისტრის განმარტებით, სამინისტრომ 2011 წლის დასაწყისში მიცემული დაპირება შეასრულა და ყველა დაწყებული პროექტი წარმატებით განახორციელა. დიმიტრი შაშკინმა რამდენიმე მათგანზე გაამახვილა ყურადღება კერძოდ, 2012 წლის ზაფხულში სტუდენტური დასაქმების პროგრამა ამოქმედდება, რომელიც საზაფხულო არდადეგებზე 25 000 სტუდენტის საზაფხულო სამუშაოებზე დასაქმებას გულისხმობს და მეორე მთავარი სიახლე - საქართველოს 15 ქალაქის მოსახლეობა სურვილის შემთხვევაში ინგლისურში, კომპიუტერსა და პროფესიულ ორიენტაციაში გადამზადდება.
გასულ წელს დაიწყო და ახალი წლიდან გაგრძელდება პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების გაძლიერებას ითვალისწინებს. პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში ქართულენოვანი პედაგოგების გაგზავნა. პროგრამაში უკვე ჩართულია 150 მონაწილე, სასწავლო წლის დასრულებამდე პროგრამაში ჩართულ მონაწილეთა რიცხვი 500-მდე გაიზრდება, რამდენიმე რაიონში უკვე გაიხსნა და მომავალ წელს ყველა რაიონში გაიხსნება ქართული ენის სახლები.
წარმატებით ხორციელდება პროექტი ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”, რომლის ფარგლებშიც ჩამოსული 1500 ინგლისურენოვანი მასწავლებელი ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად ინგლისურ ენას გაძლიერებულად ასწავლიან, მომავალ წელს დამატებით 1500 უცხოელი ჩამოვა, ასევე ადგილობრივი 300 ინგლისური ენის მცოდნე მოხალისე ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სხვა მაღალმთიანი რეგიონის სკოლებში ინგლისური ენის მასწავლებლად იმუშავებს.
გასულ წელს ყველა პირველკლასელმა და მათმა პედაგოგებმა სახელმწიფოსგან საჩუქრად საქართველოში წარმოებული კომპიუტერები მიიღეს, უფასო სახელმძღვანელოები გადაეცათ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, ეს პროგრამა 2012 წელსაც გაგრძელდება. სკოლებში დაინერგა ელექტრონული სტრატეგია, ეს პროცესი გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლება, 2011 წელს ორი ,,მომავლის კლასი” გაიხსნა, მომავალ წელს საქართველოს მასშტაბით 100 ასეთი კლასი გაიხსნება. 2011 წელს დაიწყო და 2012-შიც გაგრძელდება სკოლების ,,ჭკვიანი დაფებით” (smart board) აღჭურვის პროცესი.
საგრძნობლად გაიზარდა და მომავალშიც გაგრძელდება პედაგოგთა ხელფასების ზრდა. 2011 წელს, 2010 წელთან შედარებით გაიზარდა სერტიფიცირებულ მასწავლებელთა რაოდენობა, მათი რიცხვი მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაიდან მიმდინარეობს გამოცდებისთვის პედაგოგთა ინტენსიური გადამზადება.
მინისტრმა საატესტატო გამოცდების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2011 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებმა მოსწავლეთა მიერ სკოლაში მიღებული ცოდნის მაღალი დონე აჩვენა.
2011 წელს I-VI კლასებისთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა შეიქმნა და ამ კლასებისთვის გრიფირების ახალი წესის მიხედვით შედგენილი სახელმძღვანელოები გამოვიდა, მათი ფასი მაქსიმუმ 10 ლარია. მომავალი წლისთვის VII-XII კლასებში დაინერგება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და შეიქმნება ახალი სახელმძღვანელოები.
დიმიტრი შაშკინი უსაფრთხო სკოლის კონცეფიასაც შეეხო და დადებითად შეაფასა მანდატურის სამსახურის საქმიანობა, რომელიც მომავალი წლისთვის კიდევ უფრო გაფართოვდება და სკოლის მანდატურის საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდება,
მინისტრმა ჟურნალისტთა შეკითხვებსაც უპასუხა სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან, სპეცსკოლებთან, მანდატურის სამსახურთან და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობათან დაკავშირებით.