ბიბლიოთეკის ფოიეში, სპეციალიზებულ (საბიბლიოთეკო) კარადებსა და საგამოფენო სტენდებზე XVIII, XIX და XX საუკუნეების უნიკალური გამოცემებია განთავსებული, მათ შორის, უიშვიათესი ეგზემპლარები, რომელთა ანალოგი არც ერთ ბიბლიოთეკაში არ მოიპოვება. საბიბლიოთეკო ერთეულები წარმოდგენილია ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ლათინურ, ბერძნულ და რუსულ ენებზე.
ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ოთხი დარბაზი ფუნქციონირებს: ტექნიკურ მეცნიერებათა დარბაზი, რომელიც საკონფერენციო დარბაზის ფუნქციებსაც ითავსებს, 100-150 პერსონაზეა გათვლილი და აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკითა და უკაბელო ინტერნეტით. აქ განთავსებულია ცნობილი ამერიკული გამოცემის “NOVA”-ს ტექნიკური დარგის ლიტერატურა. “NOVA” ასევე გამოსცემს “საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორსო ჟურნალს”, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ მომზადებული სტატიები და სამეცნიერო ნაშრომები იბეჭდება, 2012 წლიდან ბიბლიოთეკას პირდაპირი წესით მიეწოდება “NOVA”-ს ტექნიკური გამოცემები. დარბაზში დაშვება თავისუფალია.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარბაზში მხატვრული ლიტერატურის წიგნადი ფონდია დაცული და XX საუკუნის დასაწყისში სპეციალურად ბიბლიოთეკისთვის შექმნილი ავეჯითაა გაწყობილი. დარბაზში შესაძლებელია კომპიუტერული ტექნიკით სარგებლობა და უკაბელო ინტერნეტის გამოყენება. დარბაზში დაშვება თავისუფალია.
წიგნების ელექტრონულ ვერსიათა დარბაზში განთავსებულია ინტერნეტში ჩართული 100 კომპიუტერი. აქვე დაცულია ლიტერატურა, რომელიც შეესაბამება ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სპეციალობას, აქვეა მათი ელექტრონული ვერსიები. დაშვება სპეციალურ ფონდთან თავისუფალია.
პრესის დარბაზი აღჭურვილია 12 პერსონალური კომპიუტერით და რამდენიმე ათეული დასახელების ადგილობრივი და უცხოური სამეცნიერო პერიოდული გამოცემით.
ბიბლიოთეკის კომპიუტერული ცენტრის საშუალებით ხელმისაწვდომია საქართველოს მსხვილი ბიბლიოთეკებიდან სასურველი ინფორმაციის მოპოვება. ასევე, ონლაინხაზებით ნებისმიერ მკითხველს შეუძლია ინგლისისა და ამერიკის ცნობილ საბიბლიოთეკო საცავებში არსებული სასურველი ინფორმაციის მოპოვება და მიღება.
ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი
უნიკალურია და მოიცავს როგორც სასწავლო, აგრეთვე, სამეცნიერო და მხატვრულ
ერთეულებს, რომელთა რაოდენობა 1721906-ია, მათ შორის 500 000 ეგზემპლარი პერიოდული
გამოცემაა.
Video