2012 წლის ერთიან ეროვნულ
გამოცდებზე საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი და სომეხი აბიტურიენტები უმაღლეს
სასწავლებლებში ჩარიცხვისას სპეციალური კვოტებით ისარგებლებენ - ისინი მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას მშობლიურ ენაზე (აზერბაიჯანულად და სომხურად)
ჩააბარებენ და მოსამზადებელ ფაკულტეტებზე ჩაირიცხებიან. ერთი წლის განმავლობაში ეს სტუდენტები ინტენსიურად ქართულ ენას შეისწავლიან და
შემდეგ წელს სასურველ ფაკულტეტზე, უკვე უმაღლესი განათლების მისაღებად
გააგრძელებენ სწავლას.
დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი
შაშკინი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტში მეთორმეტეკლასელ აზერბაიჯანელ და სომეხ მოსწავლეებს შეხვდა და პირადად გააცნო
პროგრამასთან დაკავშირებული დეტალები, მინისტრმა აბიტურიენტთა შეკითხვებსაც უპასუხა.
ახალი პროგრამით ყოველწლიურად
უფრო მეტი არაქართულენოვანი აბიტურიენტი სარგებლობს, 2010 წელს კი, მათი რიცხვი მხოლოდ სამი იყო. პროგრამა სრულფასოვნად გასულ წელს ამოქმედდა და მის ფარგლებში 300-მდე აბიტურიენტმა მხოლოდ უნარები ჩააბარა, ქართული ენა შეისწავლა და 2011-2012
სასწავლო წლიდან უკვე აკადემიურ პროგრამებზე სასურველ ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა.
ისინი
დაფინანსებას ზოგად უნარებში აღებული ქულების მიხედვით იღებენ.
პროექტის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლები მთელი წლის განმავლობაში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაონებში მოსახლეობასთან სისტემატიურ შეხვედრებს აწარმოებდნენ და იმ პროექტებს აცნობდნენ, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მათი სრულყოფილი განათლებისა და თვითრეალიზების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.
სახელმწიფო ენის ცოდნა და ამ ენაზე უმაღლესი განათლების მიღება ბევრად უმარტივებს არაქართულენოვან მოსახლეობას საკუთარ ქვეყანაში წარმატებული კარიერის შექმნას. ამ ფაქტზე ისიც მეტყველებს, რომ ყოველდღიურად იზრდება მომავალი თაობის ინტერესი დაეუფლონ სახელმწიფო ენას და ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენაზე ჩააბარონ.