საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის საინფორმაციო ცენტრს ეწვია და პროფესიული განათლების მიღების მსურველ სოციალურად დაუცველებს 1000 ლარიანი ვაუჩერი გადასცა.
პროფესიული ვაუჩერული დაფინანსება 20 მარტიდან დაიწყო. ამ მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან 7 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც 7 000 ადამიანს სწავლისა და დასაქმების საშუალებას აძლევს.
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია, თბილისის გარდა, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებში მიმდინარეობს და ეს პროცესი 20 აპრილამდე გაგრძელდება. ამავე ცენტრებში დაინტერესებულ პირებს ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.
ვაუჩერით სრულად დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი სტუდენტები, ასევე, მიმდინარე წლის ცხრაკლასდამთავრებულები და მეთორმეტეკლასელები, რომელთაც სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეს დაეუფლონ პროფესიულ განათლებას. ყველა სხვა კატეგორიას სახელმწიფო 70%-ით დააფინანსებს. ხოლო მათ ვისაც 1000 ლარიანი ვაუჩერის მიღება სურთ, ამისათვის აპრილში უნარ-ჩვევების გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.
განახლებულ და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ პროფესიულ კოლეჯებში შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები ისწავლება. სწორედ ამიტომ, პროფესიულ კოლეჯებში მიღებული განათლებით სტუდენტებს დასაქმების რეალური საშუალება ეძლევათ. სახელობო პროგრამებს სტუდენტებს გადამზადებული პედაგოგები და დარგის სპეციალისტები ასწავლიან.
დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლა კოლეჯებს შორის ჯანსაღ კონკურენციას გაზრდის და კერძო სექტორის მოზიდვასა და პროცესში ჩართვას უზრუნველყოფს. თანაბარ პირობებში მყოფი პროფესიული კოლეჯები სტუდენტების მოზიდვის მიზნით, თვითგანვითარებაზე, საწარმოო პრაქტიკების ორგანიზებასა და დასაქმების პერსპექტივაზე ხდებიან ორიენტირებულები.