პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით და ფინანსური მხარდაჭერით.
საპილოტე პროექტი ”სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართვა ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში” თბილისის ხუთ საჯარო სკოლაში (№10, №180, №21, №87, №60) განხორციელდა, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 100-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. პროექტის მიზანს წარმოადგენდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობა როგორც ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილებში, ასევე სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში და მათთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
პროექტი 2011-2012 სასწავლო წელს დაიწყო. ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, საპილოტე სკოლების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის შეიქმნა ინდივიდუალური სასწავლო გეგმები, რომლებიც თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებსა და საჭიროებებს ითვალისწინებს. ინდივიდუალური გეგმების მიხედვით მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება მოსწავლეთა სპორტის გაკვეთილებში ჩართვა.
პროექტის ფარგლებში: გადამზადდა ხუთივე სკოლის სპორტის ყველა პედაგოგი, სპეცპედაგოგი და
ფსიქოლოგი; მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაო შეხვედრები და სემინარები
როგორც პედაგოგებთან და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, ასევე მათ მშობლებთან; ხუთივე საპილოტე სკოლას დაურიგდა სპეციალური სასპორტო ინვენტარი. გარდა ამისა, მომზადდა: სატრენინგო მოდულები და მცირე ტერმინოლოგიური ლექსიკონი
სპორტის მასწავლებლებისათვის, საინფორმაციო ბუკლეტი და პლაკატი, პროექტის გამოცდილების
საფუძველზე მომზადდა ზოგადი რეკომენდაციები სპორტის მასწავლებელთათვის, რომლითაც
პედაგოგები მომავალშიც ისარგებლებენ.
ღონისძიებაზე გაიმართა პროგრამის მიმდინარეობის და შედეგების ამსახველი ფლეშ-ალბომის პრეზენტაცია. პროექტის შემაჯამებელ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ”კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” წარმომადგენელმა რატი იონათამიშვილმა, რომელმაც პროექტის ფარგლებში სემინარები ჩაუტარა საპილოტე სკოლების სპორტის მასწავლებლებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს.
ღონისძიების ბოლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ნადა მარასოვიჩმა სერტიფიკატები გადასცეს პროექტში მონაწილე პედაგოგებს.