პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ”CERN”-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დეტალები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
პროფესორი ჰოიერი CERN-ს 2009 წლიდან ხელმძღვანელობს. 2011 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობასა და ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრ ”CERN”-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, 2012 წლიდან ”CERN”-ში მიმდინარე გრანდიოზულ პროექტებში, კიდევ უფრო მეტი ქართველი მეცნიერი ჩაერთო.
ამოქმედდა გაცვლითი სამეცნიერო პროგრამები, რომლის მიხედვითაც ცერნიდან საქართველოში მეცნიერები ჩამოდიან და ღია ლექციებს ყველა დაინტერესებულ პირს უტარებენ. ასევე საქართველოდან ცერნში გამოცდილების მისაღებად სხვადასხვა სამეცნიერო ჯგუფები, მათ შორის ფიზიკის მასწავლებლები და ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტები მიემგზავრებიან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ CERN-თან თანამშრომლობით, წელს პირველად ბაკურიანში საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლა აამოქმედა.
თანამშრომლობა ”ცერნთან” მნიშვნელოვანია საქართველოში საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარებისა და ამ მიმართულებით მოღვაწე მეცნიერების საქმიანობის ხელშეწყობისთვის. ცენტრში ამჟამად 33 ქართველი მეცნიერი მუშაობს. ჩვენზე 10-ჯერ დიდ უკრაინას ამ პროექტში მხოლოდ 37 თანამშრომელი ჰყავს ჩართული, ხოლო სამხრეთ კორეას - 42.
მეცნიერების განვითარებისთვის საქართველოს მთავრობას შემუშავებული აქვს ძალიან სწორად გათვლილი, მკაფიო სტრატეგია. საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტში მეცნიერების განვითარებაზე 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ეს კი დაახლოებით 2 000 ქართველ მეცნიერს საშუალებას მისცემს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებში ჩაერთოს. საქართველოს მთავრობა ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყანის მეცნიერება საკუთარი თანხებით იყოს ჩართული მსხვილ საერთაშორისო პროექტებში.