ფესტივალის მიზანია ქართული დამწერლობის, როგორც კულტურული ფენომენის პოპულარიზაცია და საუკუნეების ტრადიციის მქონე ქართული კალიგრაფიული სკოლის აღორძინება.
ფესტივალის პირველ დღეს, საყოველთაო წერის აქცია „ანბანათქება“ გაიმართა. აქციაში მონაწილეობას ათამდე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი და კალიგრაფიის თემით დაინტერესებული პირი იღებდა. მათი ნამუშევრები კი, საბოლოოდ ცენტრში შეინახება.
ფესტივალის მიმდინარეობისას ქართული და უცხოური კალიგრაფიის „ვორქშოფები“ იმართება, ასევე მიმდინარეობს ანბანის თემაზე შექმნილი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა - გაყიდვა, წარმოდგენილია კალიგრაფიის კუთხე.
ფესტივალის მეორე დღე ცენტრის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაეთმობა: გაიხსნება ღვაწლმოსილ მეცნიერ თანამშრომელთა კუთხე, წარმატებულ სტაჟიორებს გადაეცემათ სერტიფიკატები, ცენტრის ყველაზე აქტიური შემომწირველი კი, ექვთიმე თაყაიშვილის მედლით დაჯილდოვდება. ამავე დღეს გამოვლინდებიან კონკურსის „ქართული კალიგრაფია“ გამარჯვებულები, საუკეთესო ნამუშევრების ავტორები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებითა და სერთიფიკატებით. გაიხსნება კალიგრაფიის კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა.
ფესტივალის ბოლო დღეს შედგება ალბომის – ,,ქართული დამწერლობა’’ – პრეზენტაცია, რომელშიც თავს მოიყრის ცენტრის კოლექციის გამორჩეულ ქართულ ხელნაწერთა ამსახველი ფოტოები. ასევე, გაიხსნება საბავშვო კუთხე, წარმოდგენილი იქნება საგანმანათლებლო პროგრამა, ფესტივალს ფოლკლორული საღამო დაასრულებს.