დიმიტრი შაშკინი საქართველოს 70-მდე რაიონის ქალაქისა და სოფლის 170 საჯარო სკოლის დირექტორს შეხვდა და განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სკოლის დირექტორებთან განათლების სფეროში არსებულ კონკრეტულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. შეხვედრაზე მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ეროვნულ სასწავლო გეგმაში ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებაზე, კერძოდ, მოსწავლის ტრიმესტრული და წლიური ნიშნის გამოთვლის წესზე. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ახალი მექანიზმით მოსწავლეს არცერთი მეათედი ქულა არ ეკარგება და ობიექტურად ასახავს მის ცოდნას. მინისტრმა დირექტორებს დაავალა აღნიშნული ცვლილების არსი ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს სწორად და დეტალურად აუხსნას, რათა ამ თემასთან დაკავშირებული გაუგებრობა
საბოლოოდ აღმოიფხვრას.
დირექტორებთან შეხვედრაზე მინისტრი რამდენიმე მნიშვნელოვან
თემას შეეხო, მათ შორის: მასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერებს, სასკოლო გამოსაშვებ გამოცდებს, მასწავლებელთა სერტიფიცირებას, სასკოლო ჟურნალებს, სახელმძღვანელოებს და ა.შ. დიმიტრი შაშკინმა დირექტორების შეკითხვებსაც უპასუხა მცირეკონტიგენტიანი სკოლების დაფინანსებაზე, დოტაციური სკოლების დირექტორთა ხელფასებზე, სასკოლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე, დირექტორების არჩევნებზე და სხვა.