განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთის №2 აზერბაიჯანულენოვან საჯარო სკოლას ეწვივნენ და ღონისძიებას - ”საახალწლო ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში” დაესწრნენ. ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის -”კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში” ფარგლებში ჩატარდა და მასში ალგეთის №1 და №2 საჯარო სკოლის არაქართულენოვანი მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან ანა ბაბლუანთან ერთად საქართველოს თითქმის ყველა კუთხისათვის დამახასიათებელი საახალწლო ტრადიციები წარმოადგინეს, შეასრულეს ქართული ნაციონალური ცეკვები და სიმღერები.
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამა 2009 წელს დაიწყო და მას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახორციელებს. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სახელმწიფო ენის სწავლებას ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. კონკურსის საფუძველზე ქართული ენისა და ლიტერატურის 50 მასწავლებელი შეირჩა და გაიგზავნა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის, ბოლნისის, გარდაბნის, მარნეულისა და კახეთის რეგიონის საჯარო სკოლებში. მასწავლებელთა ხლფასი 1000 ლარს შეადგენს.
საახალწლო ზეიმს ალგეთის №2 საჯარო სკოლაში ასევე დაესწრნენ: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე და ადგილობრივი თვითმართველოს წარმომადგენლები.