2013 წლის მარტიდან ახალი პროექტის „სკოლების ხელმისაწვდომობა“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დამატებით 140 საჯარო სკოლას სასკოლო ავტობუსი მოემსახურება.
დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლების თოლენჯის, მელიასხევისა და ჩეკურაანთგორის იმ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც სოფელ ხევსურეთსოფლის საჯარო სკოლაში სწავლობენ და ყოველდღე 10-20 კილომეტრის გავლა ფეხით უხდებათ.
თიანეთელმა მოსწავლეებმა პირადად მინისტრისგან შეიტყვეს, რომ 2013 წლის მარტიდან მათ და რამდენიმე მასწავლებელს ავტობუსი მოემსახურებათ და აღარ მოუწევთ საკმაოდ სახიფათო გზის ფეხით გავლა. პრობლემა აქამდეც გადაიჭრებოდა, რომ არა თიანეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელის გულგრილობა. მან დროულად არ მოაწოდა სამინისტროს ინფორმაცია ავტობუსის საჭიროების თაობაზე.
სკოლაში განსაკუთრებით შორი მანძილიდან სოფელ ჩეკურაანთგორელი რამდენიმე მოსწავლე დადის. მათი სოფელი 10 კილომეტრით არის დაშორებული ხევსურთსოფლიდან და ყველაზე კარგ შემთხვევაში მოსწავლეები მეორე გაკვეთილისთვის ახერხებენ სკოლაში მისვლას. მარტიდან ეს პრობლემა თიანეთის 30 სოფლისათვის აღარ იარსებებს. როგორც მოსახლეობა მიიჩნევს, სკოლის ხელმისაწვდომობა სოფლებიდან ახალგაზრდების გადინების პრობლემასაც გადაჭრის. მშობლები აღარ იქნებიან იძულებულნი შვილები დედაქალაქის ან რაიონული ცენტრების სკოლებში გადაიყვანონ.
გიორგი მარგველაშვილი დღეს გლდანის 69-ე საჯარო სკოლასაც ეწვია, სადაც იმ 40-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს შეხვდა, რომლებიც 2013 წლის იანვრიდან სასკოლო ავტობუსით ყოველდღიურად სარგებლობენ.
მოსწავლეები სკოლიდან 6 კილომეტრით დაშორებულ დასახლება „გიორგიწმინდაში“ ცხოვრობენ. დასახლებაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იშვიათად მოძრაობს, არ არსებობს ოფიციალური სატრანსპორტო ხაზი, ავარიულია გზაც, რის გამოც მოსწავლეებს ფეხით უხდებოდათ ამ მონაკვეთის გავლა. დღეს ეს პრობლემა უკვე გადაჭრილია. მოსწავლეები დათქმული ადგილებიდან სკოლამდე და სკოლიდან უკან სასკოლო ავტობუსით უსაფრთხოთ გადაადგილდებიან.
სამინისტროს ინიციატივით, 2013 წლის იანვარში ახალი პროექტი „სკოლების ხელმისაწვდომობა“ ამოქმედდა. პროგრამაში 190 საჯარო სკოლაა ჩართული და 9000-ზე მეტი მოსწავლეა სასკოლო ავტობუსით უზრუნველყოფილი. სკოლების სატრანსპორტო მომსახურებას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები უზრუნველყოფენ. 6 მარტიდან პროექტში დამატებით კიდევ 140 სკოლა ჩაერთვება და სულ 16000 მოსწავლის ტრანსპორტირება განხორციელდება.