საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა სმენადაქვეითებული მოსწავლეებისათვის შექმნილი I და II კლასების მათემატიკის ახალი სახელმძღვანელოების პრეზენტაცია გამართა. სახელმძღვანელოების მომზადება და გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვების” საქართველოს ოფისის (“Save The Children Georgia”) მხარდაჭერით.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების ხელშეწყობისათვის ახალი მეთოდოლოგიების, მიდგომების შემუშავება და დანერგვა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპატრამენტის მიერ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, პირველად შემუშავდა ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული ქართული ჟესტური ენისა და წერითი მეტყველების ბილინგვური პროგრამა, შეიქმნა სახელმძღვანელოები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის.
მათემატიკის ახალი სახელმძღვანელო ეყრდნობა მეთოდოლოგიას, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების სწავლა-სწავლების თავისებურებებს ითვალისწინებს და არის ილუსტრირებული. წიგნში სხვადასხვა სახის სავარჯიშოებია წარმოდგენილი, რომლებიც მოსწავლეების ლოგიკური აზროვნების განვითარებაზეა ორიენტირებული. სახელმძღვანელოთი სწავლების მეთოდოლოგია სწავლების პროცესში კომპიუტერული საგანმანათლებლო თამაშების აქტიურ გამოყენებას გულისხმობს და თან ახლავს მეთოდური რეკომენდაციები მასწავლებლებისათვის.
სახელმძღვანელოები ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლებს საჩუქრად გადაეცემა, პუბლიკაციის ელექტრონული ვერსია კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე elibrary.emis.ge განთავსდება.
სახელმძღვანელოს ავტორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის მათემატიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ჯგუფის ხელმძღვანელი ეკატერინე კორძაძე. სახელმძღვანელოების შექმნაში აქტიურად მონაწილეობდნენ თბილისის 203-ე საჯარო სკოლის პედაგოგები.
ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვების” საქართველოს ოფისის (“Save The Children Georgia”), არასამთავრობო ორგანიზაციების, თბილისის საჯარო სკოლების წარმომადგენლები დაესწრნენ.