2013 წლის 18 მარტს ევროსაბჭოს ენობრივი პოლიტიკის ცენტრის ვებგვერდზე (http://www.coe.int/t/dg4/linguistic/Source/Source2012_Sem/semNov/Report_November2012_SeminarLangSchol_EN.pdf)
ჩატარებული ანალიზის ანგარიში დაიდო.
აღნიშნულ ანგარიშში ხაზგასმული და პოზიტიურად შეფასებულია საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში
გამოყენებული სტრატეგია, რომელიც ენების სტანდარტებს ყოფს არა კლასების,
არამედ ენის ფლობის დონეების მიხედვით. ამგვარი მიდგომა,
რომელსაც ანალოგი არ ეძებნება სხვა წევრი ქვეყნების სასწავლო გეგმებში, კარგ საშუალებას
იძლევა კონკრეტული კლასის მოსწავლეთა ენის ფლობის რეალური დონის გასათვალისწინებლად,
მოქნილს ხდის ენების სწავლებას და უზრუნველყოფს ენების სწავლების ვერტიკალურ თანამიმდევრობას.
გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ წევრი ქვეყნების ეროვნულ სასწავლო გეგმებში ცალკეული ენის სწავლების ამოცანები უმეტესწილად განიხილება ავტონომიურად, ერთმანეთისაგან გამიჯნულად, საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმა კი, იმ პოზიტიურ გამონაკლისებს მიეკუთვნება, რომლებმაც ენების სტანდარტები ერთიან კონცეპტუალურ ჩარჩოში მოაქციეს და თითოეული მათგანისათვის საერთო კომპეტენციები გამოკვეთეს. ამგვარი სტრატეგია ხელს უწყობს საერთო სასწავლო ამოცანების გამოვლენასა და ერთ ენაზე მიღებული გამოცდილების მეორე ენაში გადატანას. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს საგნობრივი კარჩაკეტილობის დაძლევასა და სხვადასხვა ენის ათვისების პროცესებს შორის ხიდების გადებას.
სწორედ აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ჩადებული თანამედროვე სტრატეგიების განხორციელებას სწავლა-სწავლების პროცესში, რათა რეალურად მოხდეს მოსწავლეთა ენობრივი კომპეტენციების ამაღლება და გაუმჯობესება.