განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრში 12 პროფესიული სწავლების ცენტრის ვებგვერდის პრეზენტაციას დაესწრო და საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა. ცენტრში ვებგვერდების შემუშავება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,პროფესიული განათლების ხელშეწყობის” პროგრამის -,,პროფესიული სწავლების ცენტრების ინისტიტუციური განვითარების ქვეპროგრამა” ფარგლებში განხორციელდა და მასზე ინფორაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრის სტუდენტები მუშაობდნენ. ეს მათი პირველი პროფესიული ნამუშევარია.
ვებგვერდები პროფესიულ სწავლების ცენტრებს საშუალებას მისცემს მარტივად მიაწოდოს ყველა დაინტრესებულ მხარეს ინფორმაცია როგორც ცენტრში არსებული სიახლეებისა და დაგეგეგმილი ღონისძიებების, ისე სასწავლო პროგრამების, სტუდენტების მიღება-გამოშვების შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ცენტრის სასწავლო ლაბორატორიებს და აუდიტორიებს გაეცნო. ღონისძიებას საქართველოს მასშტაბით მოქმედი 12 პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი და კურსდამთავრებულთა დამსაქმებლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი, 2007 წელს შეიქმნა. მისი პროფილი არის ინფორმაციული-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ისწავლება შემდეგი სპეციალობები: ინფორმაციული ტექნოლოგიები, კომპიუეტრული სისტემები და ქსელები, ვებ ტექნოლოგიები, მულტიმედია ტექნოლოგიები, ელექტრონული და სატელეკომუნიკაციო ქსელები. ცენტრში განახლებული პროგრამებით უკვე 1200 მსურველი გადამზადდა. მათი დიდი ნაწილი სხვადასხვა მაღალანაზღაურებად სამსახურში უკვე დასაქმდა. ამჟამად ცენტრში სწავლობს 350–მდე პროფესიული სტუდენტი.
ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან: Magticom, Alta, Orient Logic, United Telecom, InfogeorgiaXXI, UGT, UNIT, Prime Systems, Bakur Sulakauri Studio, I Stereo, Pixel, GSC, Satellite Geocom, IT Service, Siesta და სხვა, სადაც სტუდენტები გადიან საწარმოო პრაქტიკას და შემდგომ საქმდებიან.
ცენტრში ფუნქციონირებს საერთაშორისო სერთიფიცირებისა და სწავლების ცენტრები CISCO-სა და Microsoft-ის ბაზაზე. 2009 წელს საქართველოს ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ბიზნეს საბჭოს და ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის მიერ ცენტრი აღიარებული იქნა IT განათლების საუკეთესო მომწოდებლად საქართველოში.