საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განწყობის ფსიქოლოგია – იმპლემენტაცია და განვითარების პერსპექტივა“ დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის 70 წლისთავს მიეძღვნა და მისი ორგანიზატორი დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაცია იყო. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კონფერენციის მიზანი იყო ქართული ფსიქოლოგიური სკოლის აღორძინებისა და განვითარების ხელშეწყობა.
მეცნიერული ფსიქოლოგიის ძლიერი კერის არსებობა ყველა სახელმწიფოსთვის მნიშვნრლოვანია. საქართველოში ფსიქოლოგიის პირველი სახელმძღვანელო „ცდისეული ფსიქოლოგია“ XIX საუკუნეში გამოქვეყნდა. XX საუკუნეში, საქართველოში შემუშავდა მსოფლიოში აღიარებული განწყობის ფსიქოლოგიური თეორია, რომლის ავტორია დიმიტრი უზნაძე. მსოფლიო მეცნიერებისთვის განწყობის თეორიის დიდი მნიშვნელობა ოფიციალურად იქნა აღიარებული.
1943 წლიდან, განწყობის ფსიქოლოგიური თეორიის განვითარების ბაზა დიმიტრი უზნაძის მიერ დაარსებული ფსიქოლოგიის ინსტიტუტი იყო, რომელმაც ორი წლის წინ პრაქტიკულად ფუნქციონირება შეწყვიტა, რითაც მოიშალა მსოფლიოში ერთადერთი სამეცნიერო ცენტრი, სადაც განწყობის თეორია ვითარდებოდა.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ფსიქოლოგიის მნიშვნელობა განუზომელია განათლების სისტემის, საზოგადოებრივი თუ ოჯახური ცხოვრების, აღზრდის, ადამიანთა ურთიერთობის, მართვის, ფსიქიკური ჯანდაცვის, კონფლიქტების რეგულაციისა და ქვეყნისათვის სხვა აქტუალური სფეროების ეფექტურად ფუნქციონირებისათვის. აქედან გამომდინარე დღეს, საქართველოში მიმდინარე გარდაქმნების კონტექსტში, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ქვეყნის სამსახურში დაბრუნება და მისი წინსვლის ხელშეწყობა სახელმწიფო ინტერესს წარმოადგენს.