განათლების სისტემიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლებულთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა ამჯერად, ბათუმში გაიმართა. 24-25 აგვისტოს კომისიის წევრები აჭარისა და გურიის რეგიონებიდან შემოსული მომართვის ავტორებს შეხვდებიან, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მოწმეთა ჩვენებებს მოისმენენ და საქმეების არსებით განხილვას აწარმოებენ.
კომისიის სახელზე აჭარისა და გურიის რეგიონებიდან პირველადი განხილვისათვის 23 განაცხადი შემოვიდა, მათგან ათი მომართვის ავტორმა ხარვეზები შეავსო და ამ ეტაპზე მოხდება მათი მომართვების არსებითი განხილვა.
პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საქმეების შემსწავლელმა კომისიამ 23 აგვისტოს ზუგდიდშიც გამართა სამუშაო შეხვედრა და სამეგრელოს რეგიონიდან შემოსული მომართვების ავტორებს შეხვდა.
23-25 აგვისტოს ზუგდიდსა და ბათუმში ორგანიზებული შეხვედრები რიგით მეორე რეგიონული შეხვედრებია. ვიზიტის ფარგლებში კომისია სამივე რეგიონის 22 განმცხადებელს გაესაუბრება. აღნიშნული ვიზიტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს უმაღლესი კომისარიატის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ვიზიტის შემდგომ კომისია არსებით განხილვაში მყოფი საქმეების ნახევარზე მუშაობას დაასრულებს. მოპოვებული ინფორმაციის შეჯამების და ტექნიკური ხასიათის სამუშაოების შემდეგ, თითოეულ განმცხადებელს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩაბარდება.
ამ დროისთვის კომისიას შესწავლილი აქვს 70-მდე განცხადება. საქმეების განხილვის შედეგად იკვეთება როგორც პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლების ფაქტების, ასევე სამართალდარღვევისა და შერჩევითი მოპყრობის შემთხვევები. მათ შორის არის სკოლების საატესტატო გამოცდების შედეგად გათავისუფლებულთა საქმეები, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სიღრმისეულად სწავლობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია, რომელიც განათლების სამინისტროს, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, რამდენიმე თვის განმავლობაში იმ პირთა დავებს სწავლობს, რომელთაც სამინისტროს განცხადებით მიმართეს.
პირველადი განხილვის შემდეგ კომისია დასკვნებს მოამზადებს, რომელიც თავისი შინაარსით სამინისტროსათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა ვინაიდან, კომისია გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტის დადასტურების ან უარყოფის შესახებ.