ქალბატონი მანანა ქალაქ სოხუმში დაიბადა, სოხუმის პედაგოგიური უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ, გამოყენებითი მათემატიკის განხრით, ასპირანტურაში გააგრძელა სწავლა. მუშაობდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში კათედრის ლაბორანტად, გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში მათემატიკის პროგრამისტად, სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში ლექტორად.
მანანა დოლიძემ 1993 წლის 23 სექტემბერს ორ მცირეწლოვან ბავშვთან და ხანდაზმულ მამასთან ერთად ცეცხლმოდებული სოხუმი დატოვა და ფეხით გადმოიარა ჭუბერის უღელტეხილი. „მერე დაიწყო საშინელი წლები, დაიწყო ტანჯვა, რომელიც, მიუხედავად ამდენი წლისა, ისევ ისე მწარეა. სოხუმი - ეს არის უზარმაზარი მონატრება და ტკივილი, რომელიც არასდროს განელდება“ - იხსენებს ქალბატონი მანანა.
2000 წლიდან მანანა დოლიძე მუშაობას თბილისის #51 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელად აგრძელებს, მის მიერ ჩატარებული გაკვეთილები გამორჩეულად საინტერესო და ნოვატორულია, ქალბატონი მანანა არაერთი იდეისა და პროექტის ავტორია.
სამინისტროს ჯილდო-სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ განათლების სისტემის იმ თანამშრომელთათვის დაწესდა, ვისაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით მომავალი თაობის აღზრდაში, ჯილდოს გაცემის მიზანი განათლების სფეროში დასაქმებულ ადამიანთა ღვაწლის დაფასება და მათი მოტივაციის ამაღლებაა, პირველ ეტაპზე სამინისტრო სამკერდე ნიშნით საქართველოს საჯარო სკოლების ათ ღვაწლმოსილ პედაგოგს აჯილდოებს.