ზემოაღნიშნულ ყველა სოფლის მოსწავლეს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევს სწავლა. ზოგიერთ შემთხვევაში, სკოლები ნაქირავებ ან მიტოვებულ, სწავლისთვის შეუფერებელ შენობებშია განთავსებული. არსებულ სკოლის შენობებს კი, დიდი ხანია ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა და გადაუდებელ დემონტაჟს ექვებდებარება. მათ ნაცვლად ახალი, თანამედროვე სტანდარტის ცხრა ახალი სკოლა აშენდება, ანალოგიური ფართომასშტაბიანი მშენებლობა სამინისტროს აქამდე არ განუხორციელებია, ეს პირველი შემთხვევაა.
ასაშენებელი სკოლების პროექტებზე მუშაობა დასრულდა. მალე სკოლების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება. ახალი სკოლებისთვის შექმნილ პროექტებში გათვალისწინებულია ყველა დეტალი, ადგილმდებარეობის სპეციფიკა და ის ნიუანსები, რომელიც კონკრეტული სკოლისთვისაა მნიშვნელოვანი.
თამარ სანიკიძის განცხადებით, სკოლები, რომლებიც სამინისტროს დაფინანსებით აშენდება, უნდა გამოირჩეოდნენ არა მხოლოდ ფასადური სილამაზით, არამედ, მშენებლობის ხარისხითა და კომფორტულობით. ახალი სკოლები უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე ტიპის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტანდარტებს და მორგებული იყოს მოსწავლისა და მასწავლებლის საჭიროებებს.
ახალი სკოლების მშენებლობა მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყება და მათი უმრავლესობა ერთ წელიწადში დასრულდება. რაც შეეხება სკოლის მშენებლობას სოფელ ლამბალოში, რომელიც ყველაზე დიდი პროექტია და 1000 მოსწავლეზეა გათვლილი, სავარაუდოდ, წელწადსა და სამ თვეში, ან წელწადნახევაში დასრულდება.
ქვეყნისათვის პროექტის მნიშვნელობიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის ინიციატივით, პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი.