უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი სატენდერო კომისია აფასებს პროექტებს და შეარჩევს გამარჯვებულს. ამ ეტაპზე, საქართველოს სახლემწიფო უნივერსიტეტებთან ერთად, ორი ნახევარფინალისტი ამერიკული უნივერსიტეტი განიხილება. ეს ამერიკული უნივერსიტეტებია - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტი ობურნის უნივერსიტეტთან ერთად.
ქართულ-ამერიკული პროექტის მიზანია საქართველოში სტუდენტებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მიმართულებით, საერთაშორისო დონის საბაკალავრო პროგრამები შესთავაზოს, რომელიც ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომს გასცემს.
„ჩვენი უნივერსიტეტის გამარჯვების შემთხვევაში, შევიმუშავებთ და განვავითარებთ პროგრამას, რომელიც კვალიფიციურ მუშახელს მოამზადებს და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმარება” - განაცხადა ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მერიენ მაქქორდმა.
სან დიეგოს უნივერსიტეტის პრორექტორის ნენსი მერლინის განცხადებით - ჩვენს გეგმაში შედის საქართველოს სტუდენტებისთვის ამერიკული აკრედიტაციის მქონე სასწავლო პროგრამების შეთავაზება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო, ტექნოლოგიური და მათემატიკის მიმართულებით. ჩვენ არა მარტო ამერიკული დიპლომის საბაკალავრო პროგრამებს შევთავაზებთ სტუდენტებს, არამედ ვიმუშავებთ საქართველოს უნივერსიტეტებთან, რათა მათ შესაბამისი ამერიკული აკრედიტაცია მოიპოვონ.
ზემოაღნიშნული პროექტი საქართველოსა და აშშ-ს შორის 2013 წელს ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს სტრატეგიულ ინვესტიციებს და პროექტების განხორციელებას საქართველოს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარებისთვის, რაც ბენეფიციარების უფრო ფართო სპექტრს მოიცავს.