18.09.2014
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აგრძელებს FLEX პროგრამის დაფინანსებას საქართველოში, რომელიც 50 ქართველი მოსწავლის ამერიკაში სასწავლებლად გამგზავრებას გულისხმობს. ამრიგად, საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები FLEX პროგრამის 23-ე შესარჩევ წელიწადს გახსნილად აცხადებს.
FLEX პროგრამა, როგორც გასულ წლებში წელსაც განაგრძობს საქართველოს მასშტაბით საუკეთესო მოსწავლეების შერჩევას.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის, 1998 წლის 1 იანვრიდან 2000 წლის 16 ივლისამდე დაბადებულ მოსწავლეებს, რომელთაც ბოლო 5 წლის მანძილზე არ უცხოვრიათ აშშ-ში 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, არიან საქართველოს მოქალაქეები და ფლობენ ინგლისურ ენას. მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს. ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმი ასეთი პირებისათვის განსხვავებულია: მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის-1997 წლის 15 მარტიდან 2000 წლის 16 ივლისამდე.
წელს, გასული წლების მსგავსად კონკურსი ჩატარდება 9 უმთავრეს ქალაქში. ტესტირების განრიგი იხილეთ
დანართი #1-ში.
პროგრამის 50-დე ფინალისტს შეარჩევს ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისია. შერჩევისას გათვალისწინებულია მათი პირადი მონაცემები, ინგლისურის ცოდნა, რეკომენდაციები და მონაწილის უნარები, კონკურსის საბოლოო პასუხები ცნობილი იქნება 2015 წლის აპრილში.