18.12.2014
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებით
წარმოდგენილ საკონსულტაციო საბჭოსთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის
მიზანია 2014 წელს ინკლუზიური პროფესიული განათლების
მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების გაცნობა. პრეზენტაციები გაიმართა შემდეგ
საკითხებთან დაკავშირებით:
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე (სსსმ) აპლიკანტთა პროფესიულ განათლებაში ჩარიცხვის ახალი მექანიზმის საფუძვლად,
2014 წელს 16 სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, 31 განსხვავებულ
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხა
სსსმ 109 პირი. აქედან 68 ინტელექტუალური შეზღუდვით და სწავლის სიძნელეებით, 21 სმენის
შეზღუდვით, 14 მხედველობის შეზღუდვით და 5 ფიზიკური შეზღუდვით.
- პროფესიული განათლების განვითარების
დეპარტამენტთან თანამშრომლობით, მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც აისახება საქართველოს
კანონში პროფესიული განათლების შესახებ და შექმნის ლეგიტიმურ პლატფორმას ინკლუზიური
პროფესიული განათლებისთვის;
- პროფესიულ განათლებაში აკადემიური
ჟესტური ენის განვითარების მიზნით განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: ნორვეგიელი პარტნიორების
ხელშეწყობით შეიქმნა ქართული ჟესტური ენის ელექტრონული გვერდი, რომელზეც პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებული ლექსიკა და ტერმინოლოგია განთავსება; რამდენიმე
შეხვედრა გაიმართა სფეროს ნორვეგიელ ექსპერტებთან; მომზადდა სატენდერო წინადადება და გამოვლინდა გამარჯვებული
ორგანიზაცია, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კოორდინაციით განახორციელებს
ქართული ჟესტური ენის განვითარების აქტივობებს;
- ჩატარდა კვლევა „ინკლუზიური განათლების
მაჩვენებლები საქართველოში“; მომზადდა და ამჟამად მიმდინარეობს სსსმ და შშმ პირთა დასაქმების მიმართ დამსაქმებლების
დამოკიდებულებების კვლევა, რაც ინკლუზიური პროფესიული განათლების ფარგლებში დაგეგმილ
აქტივობებს უფრო მიზანმიმართულსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულს გახდის; ასევე, მიმდინარეობს კვლევა მოწყვლადი ჯგუფებისათვის
პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობასთან
დაკავშრებით.
- ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადდა
და გამოიცა რამდენიმე პუბლიკაცია: „შეფასება სწავლისათვის ინკლუზიურ სკოლებში“, „ინკლუზიური
განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“
2013 წლის ანგარიში, „ინკლუზიური განათლების მაჩვენებლები საქართველოში;“
- გაგრძელდა პროფესიულ საგანმანათლებლო
დაწესებულებებში სსსმ და შშმ სტუდენტებისთვის დამხმარე სპეციალისტებისა და ჟესტური
ენის თარჯიმნების დანიშვნის პროცესი;
- პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების
მხარდაჭერის გარე მექანიზმის გაძლიერების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მულტიდისციპლინურ გუნდს დაემატა 5 წევრი, რომელიც პროფესიულ სასწავლებლებში სსსმ სტუდენტების
განათლების პროცესის მონიტორინგსა და მხარდაჭერას ახორციელებს;
- მომზადდა საფუძველი იანვრის თვიდან
მხედველობის პრობლემების მქონე სტუდენტებისთვის მობილობისა და ორიენტაციის ტრენინგების
ჩასატარებლად და ეტლით მოსარგებლე პირების პროფესიულ სასწავლებლებში ტრანსპორტირებისას
პერსონალური ასისტენტით უზრუნველსაყოფად;
- ჩატარდა სამუშაო შეხვედრები პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციასთან, რაც ძირითადად ცნობიერების ამაღლებასა
და პროფესიულ დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების ადმინისტრირების გაძლიერებას ისახავს
მიზნად;
- საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას
მიზნით, ჩატარდა სასწავლო ტური ნორვეგიაში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების
დირექტორების, ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისა და ასისტენტებისთვის;
- საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილების (2014 წლის 6 იანვარი) და უნივერსალური დიზაინის პრინციპებზე დაყრდნობით,
დაიწყო მუშაობა და 2015 წლის იანვრის თვეში დასრულდება რეკონსტრუქციული პროექტები 5
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის;
- სსსმ და შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობის
ინიციატივის ფარგლებში გაიმართა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია; ამასთანავე, სსსმ პირების დასაქმების საკითხის პოპულარიზაციის
მიზნით ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით ჩატარდა საინფორმაციო
შეხვედრა დამსაქმებლებთან;
- მომზადდა საინფორმაციო ბროშურა დამსაქმებელთათვის,
რომელიც სსსმ და შშმ პირების დასაქმების შესახებ დამსაქმებლის ცნობიერების გაზრდას
ისახავს მიზნად.
სამუშაო შეხვედრის
დასრულების შემდეგ განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია.