WorldSkills International საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების განვითარება, ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება.
WorldSkills International არის არამომგებიანი, წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია. მისი მისიაა ხელი შეუწყოს მსოფლიოში პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების მაღალი სტანდარტების განვითარებას, პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა და ამ კუთხით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
ორგანიზაცია1950 წელს დაარსდა, ესპანეთში. ამჟამად მასში გაწევრიანებულია 72 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. WorldSkills-ი წარმოადგენს იდეალურ ქსელურ რესურსს წევრი ქვეყნების/ორგანიზაციებისთვის, რომელიც პროფესიული განათლების განვითარებას ემსახურება.
WorldSkills–ის ფართომასშტაბიანი შეჯიბრი პროფესიულ უნარებში ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, რომელიმე წევრ ქვეყანაში და მასში პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები არიან ჩართულნი. შეჯიბრი ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. მონაწილეთა ასაკი შეზღუდულია - 22 წლამდე.
WorldSkills–ის საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ წევრი ქვეყნების ეროვნულ შეჯიბრებებში გამარჯვებული ახალგაზრდები. მონაწილეებს აკვირდებიან და აფასებენ სფეროს ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. WordSkills–ის რიგით 43-ე საერთაშორისო შეჯიბრი, 2015 წლის აგვისტოში, ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში გაიმართება.
ეროვნული შეჯიბრი საქართველოში 18 ოქტომბერს გაიხსნა, 19-20 დეკემბერს, 09:00-18:00 საათამდე, ერთმანეთს 22 წლამდე ასაკის შემდუღებლები, ვებდიზაინერები, მზარეულები, ფლორისტები, სარესტორნო სერვისისა და საპარიკმახერო საქმის სპეციალისტები შეეჯიბრებიან. შეჯიბრი პროფესიულ კოლეჯებში „სპექტრი“ და „იკაროსი“ გაიმართება. 21 დეკემბერს კი, ეროვნული შეჯიბრების დახურვის ცერემონიალი გაიმართება, სადაც შედეგები შეჯამდება და გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.