აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი ადაპტირებული იყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდებისთვის, კერძოდ, სმენადქვეითებული მოსწავლეებისათვის ჟესტური ენის თარჯიმანი, ხოლო სუსტადმხედველი მოზარდებისთვის მთხრობელი მუშაობდა.
საახალწლო სპექტაკლი ბავშვებისათვის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა წარმოადგინეს და მას პატარებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძ და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდნენ.
სპექტაკლის დასასრულს, პატარებს თოვლის ბაბუამ მიულოცა დამდეგი ახალი წელი და საჩუქრები გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ინკლუზიური განათლების განვითარება წარმოადგენს. სისტემა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტეგრაციას სოციუმში, სასწავლო პროცესში, ასევე, არაერთი პროექტი ხორციელდება მათთვის სწავლა/სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.